მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სირაქლემას პოზიციაში ყოფნა დამღუპველია“ - გიორგი ქადაგიძის მოწოდება მსხვილ ბიზნესს

62a21ba480b6c
თელარა გელანტია
09.06.22 21:21
1392
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მსხვილ ბიზნეს აკრიტიკებს. ის ფიქრობს, რომ დღეს, როდესაც საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს და ამ დროს ევროპარლამენტი კრიტიკულ რეზოლუციებს იღებს, მათ შორის, მოწოდებაა განხილულ იქნას სახელისუფლებო პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სანქცირება, „ბიზნესის ხმა უფრო ხმამაღლა უნდა ისმოდეს“.

ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ გადაცემა „რედაქტ 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც მოქალაქეების როლზეც ისაუბრა. მისი აზრით, ხალხის მიერ დაქირავებული ხელისუფლება ამ დონის „თავხედობას“ ვერ უნდა ბედავდეს. „ეს რომ დასრულდეს, თითოეულმა მოქალაქემ, გადასახადის გადამხდელმა უნდა ირწმუნოს საკუთარი ძალა“, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

- გადასახადების გადამხდელები რადგან ვახსენეთ, ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელები რას უნდა აკეთებდნენ დღეს? ვგულისხმობ ბიზნესს...

- მსხვილი ბიზნესის მისამართით მინდა გავაკეთო განცხადება, რომ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა არის დამღუპველი. მაგალითად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას განცხადების გავრცელებას ვერ დაასწრებ, როცა ლარის კურსი მერყეობას იწყებს - არიქა, ინგრევა ქვეყანა და ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები უნდა გაყიდოსო და მართლა ინგრევა ქვეყანა, ისეთი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა, კითხვებია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ და ა.შ. ამ დროს ყველას პირში წყალი აქვს დაგუბებული, რათა მთავრობასთან საკუთარი ინტერესების ლობირება შეძლონ...

- იქნებ ეშინიათ და ამიტომ არიან ჩუმად...

- დაცვის თანამშრომლების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად რაღაც შეიცვალა ამ ქვეყანაში...

- მე ვიგულისხმე, ხელისუფლებასთან პრობლემების შექმნის ხომ არ ეშინიათ, რადგან საქართველოში ხომ ასეთი გამოცდილებაა - ვინც ხმას იღებს, ან ციხეში მიდის შემდეგ ან თუ მოასწრო - პოლიტიკაში...

- თუ მსხვილ ბიზნესში ვინმე ფიქრობს, რომ ოლიგარქიულ რეჟიმში ხელისუფლებასთან ახლოს ყოფნა არის საკუთარი წარმატების რეცეპტი, გადახედოს უახლესი რუსეთის და ბელარუსის ისტორიას. არ არსებობს ოლიგარქიულ რეჟიმში არანაირი წარმატება და თუ ვინმეს რამე წარმატება აქვს, ესაა ძალიან მოკლევადიანი და საბოლოო ჯამში, რეჟიმი ყველასთან მივა და ყველას კარებზე დააკაკუნებს. გასაგებია, რომ არავის უნდა ხელისუფლებასთან ღია დაპირისპირება, მაგრამ არის წითელი ხაზები, როცა საქმე მორალს და ღირსებას ეხება.

- დღეს ბიზნესის ხმა უფრო ხმამაღლა უნდა ისმოდეს?

- დღეს ბიზნესის ინტერესებში უნდა იყოს, რომ როდესაც რეალურად, ისტორიულ მინიმუმზე გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, როდესაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ვერა და ვერ დავაღწიეთ თავი, როდესაც ბიზნესასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის <მამუკა ხაზარაძის> მიმართ პოლიტიკური ვენდეტა განხორციელდა - ამ ყველაფერზე პირში წყლის დაგუბება არაფერს კარგს არ მოგვიტანს. რიგ ბიზნესმენებს, რომელთაც ბიუჯეტთან ახლოს ყოფნა უნდა და ეს არის მათთვის შემოსავლის მთავარი წყარო, მე ასეთებს მეწარმეს და ბიზნესმენს ვერ დავარქმევ.