30.მაისი .2022 15:43

2090 წლისთვის საქართველოში ტემპერატურა მინიმუმ 1.4°C-ით უფრო მაღალი იქნება - WB

2090 წლისთვის საქართველოში ტემპერატურა მინიმუმ 1.4°C-ით უფრო მაღალი იქნება - WB
views 1596
უკან

მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი კვლევის თანახმად, გლობალური კლიმატური ცვლილების პარალელურად, საშუალო ტემპერატურა გაიზრდება საქართველოშიც.

ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი კლიმატის ცვლილების რამდენიმე სცენარს განიხილავს, რომელთა მიხედვით, იმ შემთხვევაში თუკი გლობალური კარბოემისიები ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებლით გაიზრდება, მაშინ 2090 წლისთვის საქართველოში საშუალო წლიური ტემპერატურა 4.9 გრადუსით გაიზრდება. ალტერნატიული სცენარით, რაც კარბოემისიების მოთოკვის ყველაზე კარგ ალტერნატივას ითვალისწინებს, საქართველოში 2090 წლისთვის საშუალო ტემპერატურის ზრდა 1.4 გრადუსი იქნება.

კარბოემისიები და სათბური აირის ემისიები (GHG) გლობალური ინდუსტრიის გაფრქვევებს წარმოადგენს. ამ მხრივ, საქართველოს გავლენა გლობალურ ემისიებზე მინიმალურია, რადგანაც ქვეყანაზე გლობალური 49 მილიარდი ტონა სათბურის გაზის ემისიებიდან მხოლოდ 0.03% მოდის. ამ მხრივ, პირველ ადგილზეა ჩინეთი, რომლის ეკონომიკაც წლიურად 11.7 მილიარდ ტონა სათბურის გაზებს გამოყოფს, მეორეზე აშშ 5.8 მილიარდი ტონა გაფრქვევებით.

მსოფლიო ბანკის კვლევა ითვალისწინებს ოთხ ძირითად სცენარს, საიდანაც RCP8.5 სცენარით მსოფლიოში სათბური აირების გაფრქვევები არ მცირდება. ამ სცენარით, 2090 წლისთვის საქართველოში საშუალო ტემპერატურა 4.9 გარდუსით უფრო მაღალი იქნება.

ხოლო RCP2.6 სცენარი გლობალური ემისიების პარიზის კლიმატის შეთანხმების შესაბამის კლებას ითვალისწინებს. ამ პირობებში მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2090 წლისთვის საქართველოს საშუალო ტემპერატურა 1.4 გრადუსით უფრო მაღალი იქნება ვიდრე დღეს.

კლიმატის ცვლილების 4 ალტერნატიული სცენარი ასე ნაწილდება:

● RCP2.6 - სცენარით 2090 წლისთვის მატებაა 1.4 გრადუსი;
● RCP4.5 - სცენარით 2090 წლისთვის მატებაა 2.3 გრადუსი;
● RCP6.0 - სცენარით 2090 წლისთვის მატებაა 3.1 გრადუსი;
● RCP8.5 - სცენარით 2090 წლისთვის მატებაა 4.9 გრადუსი.

კარბოემისიების და ზოგადად სათბური აირების გაფრქვევის შემცირების ვალდებულება საქართველომაც აიღო. კერძოდ, სახელმწიფოს მიერ გაცხადებული მიზანია, 2030 წლისთვის ქვეყნის სათბური აირების ემისიები 1990 წლის მაჩვენებელზე 35%-ით მცირე იყოს.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი ემისიები სწორედ 1990 წელს დაფიქსირდა, როდესაც საბჭოთა კავშირის დამხობამდე ქვეყანაში არაერთი მსხვილი საწარმო საქმიანობდა. ამ წელს CO2-ის გაფრქვევები 16 მილიონ ტონას აღწევდა, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 5 წელში ემისიები შვიდჯერ შემცირდა და მხოლოდ 2.3 მილიონი ტონა შეადგინა. ამ პერიოდში საქართველოს ინდუსტრიული სიმძლავრე ნულზე იყო დასული და თითქმის არცერთი საწარმო არ მუშაობდა. 2004 წლისთვის ეკონომიკის ემისიები 4 მილიონ ტონა CO2-მდე გაიზარდა, 2010 წლისთვის 6 მილიონ ტონას მიაღწია, 2020 წელს კი 10 მილიონი ტონა CO2 გახდა. ეს მაჩვენებელი 1990 წლის ემისიებთან შედარებით 38%-ით ნაკლებია.

ამჟამად ერთ მოსახლეზე საქართველოს კარბოემისიები წლიურად 2.5 ტონაა, როდესაც მსოფლიო საშუალო 4.5 ტონას შეადგენს. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკა ერთ მოსახლეზე მსოფლიო საშუალოზე 44%-ით ნაკლებ კარბოემისიებს გამოყოფს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა