მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხელფასები ორმაგდება, თუმცა სამუშაო ძალის დეფიციტი მაინც არის“ - რა აფერხებს ბიზნესს?

64259ad436fc0
სალომე ხიდურელი
30.03.23 19:00
613
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული BAG ინდექსის მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში, გამოკითხული კომპანიებისათვის ბიზნესის მართვის ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორად სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები (50%) სახელდება.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნავს, ყველაზე მწვავედ ამ პრობლემის წინაშე სამშენებლო სექტორი დგას.

„თუ აქამდე, ისტორიულად, ბიზნესისათვის ხელის შემშლელი ფაქტორების „ჩემპიონი“ იყო ლარის კურსი, ბოლო ორი კვარტალია, გაცვლით კურსს პრობლემების ჩამონათვალში პირველ სამეულშიც ვერ ვხედავთ. ბოლო სამი კვარტალია, ადმინისტრაციული ბარიერები და ბიუროკრატია გადავიდა პირველ ადგილზე და ამ მხრივ პირველ ადგილზეა სამშენებლო სექტორი.

გასაგებია, იმიტომ რომ, ძალიან მაღალი მოთხოვნაა ამ ბიზნესიდან ახალი პროექტების დაწყების და ამ მონაცემებზე დროული რეაგირება შესაბამისი ნებართვების გამცემ ორგანოებს უჭირთ. შესაბამისად, მივიღეთ „საცობი“ და ეს უკვე აისახა ინდექსზეც“, - აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.

როგორც ის ამბობს, განსხვავებით წინა წლებისგან, წელს ადმინისტრაციული ბარიერების პრობლემას კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა პროცენტულად თითქმის გაუთანაბრდა.

„ბიუროკრატიულ და ადმინისტრაციულ ბარიერებს თითქმის გაუთანაბრდა კვალიფიციური სამუშაო ძალის პრობლემები, რაც ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში ყველაზე მეტად შეინიშნება.

რაც საინვესტიციო აქტივობები გაიზარდა, მას შემდეგ ვხედავთ, რომ ნელ-ნელა იზრდება როგორც კვალიფიციური სპეციალისტების, ასევე სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა, კვალიფიკაციის მიუხედავად. განსაკუთრებული პრობლემაა ვაჭრობაში, საცალო გაყიდვების ნაწილში კადრების დეფიციტი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთ წელიწადში ხელფასები გაორმაგდა და მათი ზრდა წელსაც იგეგმება“, - აცხადებს ვეფხვაძე.

როგორც ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, ხელფასების მსგავსი ზრდა ინფლაციის მაჩვენებელზეც აისახება.

„ხელფასებისა და ფასების ზრდა კარგი ინდიკატორია იმისა, რომ ინფლაციის ნაწილში განსაკუთრებულ სიმშვიდეს არ უნდა ველოდოთ, რომ ის ერთ-ორ კვარტალში დაუბრუნდება თავის ნიშნულს და 3% გახდება.

თუ ხელფასები და გაყიდვების ფასი იზრდება - ეს ინფლაციაზეც აისახება“, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.