მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტი 60 დოლარის ფარგლებში უნდა იყოს - ჯანეტ იელენი

6347b319f34c9
გიორგი თოლორდავა
13.10.22 11:02
854
აშშ-ის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელის, ჯანეტ იელენის განცხადებით, დიდმა შვიდეულმა რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტი აუცილებლად უნდა დააწესოს, ზედა ჭერი კი ბარელზე დაახლოებით 60 დოლარის ფარგლებში უნდა განისაზღვროს.

იელენის შეფასებით, 60 დოლარი რუსეთს მისცემს იმის საშუალებას, რომ ნავთობი მინიმალური მოგების სანაცვლოდ აწარმოოს და დასავლეთის ბაზრიდან გასვლა არ გადაწყვიტოს, თუმცა ის ამავდროულად მნიშვნელოვნად შეზღუდავს კრემლის საბიუჯეტო შემოსავლებს და საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, კერძოდ, მხარეებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციის მიღება გადაწყვიტეს, რომელიც რუსულ ნავთობსა და გაზზე ფასის ზედა ლიმიტის დაწესებას ითვალისწინებს.

საგულისხმოა, რომ ფასის ლიმიტი ჯერაც არ დამტკიცებულა და საბოლოო დეტალებზე G7-ის წევრი სახელმწიფო ჯერაც არ შეთანხმებულან. არ არის გამორიცხული, რომ დოკუმენტის ფინალურ ვერსიაში ფასის ლიმიტი შედარებით მაღალ, 70-დოლარიან ნიშნულზე განისაზღვროს.

ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 92 დოლარს შეადგენს; რუსული Urals-ის ფასი კი 75 დოლარის ფარგლებშია. იელენის მიერ დასახელებული 60-დოლარიანი ლიმიტის ამოქმედების შემთხვევაში, რუსული ნავთობი Brent-თან შედარებით ბირჟაზე 35%-ით უფრო იაფად გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ ფასის ლიმიტთან დაკავშირებით ოფიციალური კრემლი მუქარას ავრცელებს, კერძოდ, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ლიმიტის დამწესებელ ქვეყნებს მოსკოვი ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს.

კრემლის სპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის ინიციატივა წინააღმდეგობაშია საბაზრო პრინციპებთან, რის გამოც რუსეთის ფედერაცია თანამშრომლობას შეწყვეტს ყველა იმ კომპანიასა და აქტორთან, რომელიც ფასების ლიმიტს აამოქმედებს.

პროექტის ინიციატორების შეფასებით, ფასის ლიმიტი მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსული ენერგოკომპანიების შემოსავლებს, საერთაშორისო ბირჟას კი საჭირო მოცულობით ნავთობის მიწოდება შეუნარჩუნებს, რაც, საბოლოო ჯამში, ენერგოკრიზისის შემსუბუქებას გამოიწვევს.

პროექტის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ფასის ლიმიტს რუსეთის მთავრობა პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს და ნავთობს მხოლოდ იმ სახელმწიფოებს მიჰყიდის, რომლებიც პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ ან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ნეიტრალურ პოზიციას შეინარჩუნებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი ₽1.373-ტრილიონიანი ($22.8 მლრდ) პროფიციტით შესრულდა. ენერგორესურსებით მიღებულმა საბიუჯეტო შემოსავალმა 6.375 ტრილიონი რუბლი ($105.7 მლრდ) შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლის 45.5%-ია.