მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსულ ხორბალზე დამოკიდებულების შემცირება მნიშვნელოვანია... ბიზნესისთვის კი არარენტაბელურია“

629f62e5deb0e
ვიქტორია მღებრიშვილი
07.06.22 23:40
979
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ხორბლისა და ფქვილის იმპორტისას, უმეტესწილად რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული. როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხორბლის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული, 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 92.1%-ი რუსულ ხორბალზე მოდიოდა, რაც ერთ ბაზარზე მაღალ დამოკიდებულებას ნიშნავს. ხოლო 2021 წლის სექტემბრის შემდეგ, რაც ხორბლის იმპორტის ფქვილით ჩანაცვლების ტენდენცია გამოიკვეთა, 2022 წლის I კვარტლისთვის, ქვეყანაში იმპორტირებული 31.7 ათასი ტონა ფქვილიდან 99.1% რუსეთიდან შემოვიდა.

ხორბლის ბაზრის მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაცია იმპორტზე დამოკიდებულებას ხშირად პოლიტიკური მიზნებით იყენებს, რის შედეგადაც გარკვეული ქვეყნები ათწლეულების მანძილზე გამოუვალ მდგომარეობაში ხვდებიან.

„საქართველოს შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ამ დამოკიდებულებას დამატებით პრობლემატურს ხდის. სიტუაციას ასევე ამწვავებს ამჟამინდელი ომი უკრაინაში და რუსეთზე დაწესებული სანქციები, რომლის რიცხვიც დღითიდღე იზრდება. აქედან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეს რუსულ ხორბალსა და ფქვილზე უარის თქმა კერძო სექტორისთვის (წილქვილკომბინატები, პურსაცხობები) არარენტაბელურია", - ნათქვამია მიმოხილვაში.

ცნობისთვის: რუსეთმა გასული წლის სექტემბრიდან ხორბლის ექსპორტირებისას საბაჟო გადასახადი დააწესა, რომელიც ყოველთვიურად იზრდებოდა. ფქვილის ექსპორტზე კი ნულოვანი გადასახადი მოქმედებს. შედეგად ადგილობრივი მწარმოებლებისთვის - წისქვილკომბინატებისთვის ხორბლის იმპორტი არარენტაბელური გახდა და ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა, რამაც ადგილობრივი წარმოებების გაჩერება გამოიწვია.