მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მენეჯერთა გადამზადების პროგრამას იწყებს

606af0cbd82ef
ინგა მურუსიძე
05.04.21 15:35
708
სააგენტო "აწარმოე საქართველოში", გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით მენეჯერთა გადამზადების პროგრამის დაწყებას გეგმავს.

სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, პროგრამის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.

როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, მონაწილეებს გერმანულ კომპანიებთან კონტაქტის დამყარებისა და შეხვედრების გამართვის საშუალება მიეცემათ.

პროგრამის ძირითადი მიზნები:
გერმანიის ბიზნესმენეჯმენტის პრაქტიკის შესწავლა და გერმანული ბიზნესკულტურის გაცნობა;
საერთაშორისო ბიზნესურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება;
გერმანული ბიზნესპრაქტიკის გაცნობა;
თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დანადგარების შესახებ ცოდნის შეძენა;
გერმანულ კომპანიებთან კავშირების დამყარება;
პოტენციური ბიზნესურთიერთობების განვითარება.
პროგრამა მოიცავს როგორც ტრენინგებს, ასევე ვიზიტებს გერმანულ კომპანიებში და ინდივიდუალურ შეხვედრებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.

პროგრამაში მონაწილეობა (სამიზნე ჯგუფი):

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერებს, რომელთაც აქვთ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, უმაღლესი განათლება ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. ასევე კომპანია 2-3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე, ჰქონდეს სურვილი, ითანამშრომლოს გერმანულ კომპანიებთან კონკრეტული იდეებით.

გლობალური პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე, პროგრამა ადაპტირდა ვირტუალურ ფორმატზე და შედგება 3 ნაწილისგან:

ვირტუალური პროგრამის ფაზა - მონაწილეებს საშუალება ექნებათ, 8 კვირის განმავლობაში ონლაინ დაესწრონ სასწავლო კურსებს და სემინარებს.

(Follow-up Phase) - ვირტუალური პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში. 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში კონტაქტი ექნებათ გერმანულ ტრენინგცენტრთან.

პროგრამის დასრულება გერმანიაში - ვირტუალური პროგრამის დასრულებიდან 6-12 თვის ვადაში მონაწილეებს მიიწვევენ 1 კვირით გერმანიაში, სადაც ისინი ჩაერთვებიან სემინარებში, შეხვდებიან გერმანელ მენეჯერებს და ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთანავე, საშუალება ექნებათ, გამართონ ინდივიდუალური შეხვედრები და გააფორმონ ხელშეკრულებები გერმანელ ბიზნესპარტნიორებთან.

პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯს, გარდა ტრანსპორტირებისა (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) ფარავს გერმანული მხარე. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.

შერჩევის პროცესი:

დაინტერესებული პირი ავსებს სააპლიკაციო დოკუმენტებს და გზავნის სააგენტოში ელექტრონული ფორმით;
მიღებული აპლიკაციები გადაირჩევა გერმანელი პარტნიორების მიერ;
გადარჩეულ აპლიკანტებთან შესაძლოა ჩატარდეს გაცნობითი ონლაინშეხვედრა;
გაიმართება გასაუბრება გადარჩეულ აპლიკანტებთან;
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან და აცნობებენ შერჩევის შესახებ;
პროგრამის საინფორმაციო ბროშურისა და სააპლიკაციო დოკუმენტების სანახავად, დააჭირეთ ღილაკს:
გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო დოკუმენტები მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 2021 წლის 25 აპრილისა. შევსებული სააპლიკაციო დოკუმენტები და პასპორტის ასლი გადმოგზავენთ ელ.ფოსტაზე: apply_mtp@enterprise.gov.ge (თემა: Fit for Partnership - სახელი და გვარი).
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 1525.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
(NS)