მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საბაგირო მუშაობს“ - დასტაბილურდა თუ არა მესტიაში ელექტრომომარაგება?

61d2c65a47f0d
თელარა გელანტია
03.01.22 13:49
1978
"დღემდე ყველას ეპატიოს, ხოლო დღეიდან ვინც მაინერი არ გამორთოს, წმინდა გიორგი გაუწყრეს!" - ეს პირობა მესტიაში, წმინდა გიორგის ეკლესიაში შეკრებილმა სვანებმა 30 დეკემბერს მას შემდეგ დადეს, როცა ნათელი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის ელექტრომომარაგება სხვა გზით ვერ დასტაბილურდებოდა და მოსახლეობას სიცივე და სიბნელე ემუქრებოდა.

Bm.ge დაინტერესდა, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა დადებული პირობა ანუ დასტაბილურდა თუ არა ელექტრომომარაგება მესტიაში. 

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გვითხრეს, ბოლო სამი დღეა მესტიელებს შუქი გრაფიკის გარეშე მიეწოდებათ, თუმცა დენის მოხმარება არ შემცირებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავარიული გათიშვები გამორიცხული არაა.

„მესტიის ელექტრომომარაგება შეფერხების გარეშე ხდება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს მოხმარების შემცირების ხარჯზე მოხერხდა; მეტიც, ელექტროენერგიის მოხმარება ეს დღეები გაიზარდა კიდეც, რაც შეიძლება ახალი წლის დღესასწაულის ფაქტორით აიხსნას, მაგრამ 2 იანვარსაც საკმაოდ გაზრდილი იყო მოხმარება.

რაც შეეხება მესტიის ელექტრომომარაგების დასტაბილურების მიზეზებს, ეს ფაქტობრივად, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლების სიცოცხლის ფასად მოხერხდა, რადგან ჩვენ შევძელით მაღალი ძაბვის ხაზის - "მოაშის“ რეაბილიტაცია, რაც მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან და მეტეოროლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე, ძალიან რთულია და საბჭოთა კავშირის დროს, როცა ზიანდებოდა, ხაზის რეაბილიტაცია მხოლოდ ივნის-ივლისში ხერხდებოდა.

ამდენად, პატარა ქსელში დაზიანებები ახლაც ხდება, მაგრამ მათ აღდგენას ჩვენი თანამშრომლები სწრაფად ახერხებენ, ხოლო „მოაში“ ან სხვა მაღალი ძაბვის გადამცელი ხაზი დაზიანდა, შემდეგ უკვე პროგნოზირება რთულია“, - განმარტეს კომპანიაში.

როგორც გავარკვიეთ, ზამთრის კურორტზე 1-2 იანვარს და დღესაც შეფერხების გარეშე მუშაობს თეთნულდის და ჰაწვალის საბაგიროები. აღნიშნული bm.ge-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიაშიც (MTA) დაუდასტურეს.

შეგახსენებთ: ბოლო რამდენიმე კვირაა მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტრომომარაგება შეფერხებით მიეწოდებოდა. საქმე ის არის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მესტიაში მოსახლეობის ნაწილი კრიპტოვალუტას აწარმოებს ანუ მაინინგის პროცესშია ჩართული, რაც საყოფაცხოვრებოსთან შედარებით, უფრო ჭარბ ელექტროენერგიას მოითხოვს. ამ მზარდ დატვირთვას კი ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები ვერ უძლებენ, რამაც ადგილზე დენის მომარაგებაში პრობლემები შექმნა. ელექტროენერგია სასტუმროებსა და საბაგიროებსაც შეუწყდა, რამაც კოვიდ-პანდემიით შეზღუდული ზამთრის ტურისტული სეზონი კიდევ უფრო დაამძიმა.