მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება იზრდება - პარლამენტი საკითხზე მსჯელობს

6321cb54b791b
ინგა მურუსიძე
14.09.22 17:00
7000
საბაჟოს თანამშრომლებს სპეციალური წოდებები მიენიჭებათ და თანამდებობრივ სარგოსაც ნამუშევარი წლების, ასევე წოდებების მიხედვით მიიღებენ.

შესაბამისი ცვლილებები შედის „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებში.

კანონის პროექტი დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. კომიტეტმა ცვლილებას მხარი დაუჭირა.

კერძოდ, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ცვლილების თანახმად, სხვადასხვა წოდების მქონე მებაჟეები მიიღებენ შრომის ანაზღაურებას, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატის, ფულადი ჯილდოსაგან, აგრეთვე, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატისაგან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისგან. ამასთან, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს უფლება ექნება, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.

კაკაურიძის განმარტებით, შესწავლილია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებები. მისივე თქმით, ევროკავშირის და კავკასიის რეგიონის ქვეყნებში საბაჟო სამსახურებში გამოცდილება მსგავსია.

„ბოლო წლებში ჩვენი საბაჟო სამსახურიდან ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრი დავკარგეთ, რადგან იქ არ არის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა. ხშირად, საბაჟო სამსახურის თანამშრომლები გადადიან კერძო სექტორში და ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 6-8 თვიანი პერიოდი იმისთვის, რომ თუნდაც ერთი ახალი თანამშრომელი გადავამზადოთ, ამის მიუხედავად, მას სათანადო გამოცდილება სჭირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სპეციალური წოდებების მინიჭება და ნამსახურევი წლების მიხედვით სახელფასო დანამატების გაცემა, რაც კანონით არის განსაზღვრული, ხოლო 20-წლიანი მუშაობის შემთხვევაში კომპენსაციის დანიშვნა იქნება სერიოზული მოტივატორი და ხელს შეუშლის საბაჟო სამსახურიდან კადრების გადინებას“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს წოდებას მიანიჭებს ფინანსთა მინისტრი, მოადგილის წარდგინების საფუძველზე.

ამასთან, კანონპროექტის მომზადების დროისათვის ნავარაუდევია, რომ სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება 1 637 პირს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის ოდენობა დამოკიდებული იქნება სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილ წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობაზე.

სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის პირველი წლის ხარჯის ოდენობა ნავარაუდევია 1 021 860 ლარი (საიდანაც საშემოსავლო გადასახადის წილი (20%) შეადგენს 204 372 ლარს), მეორე წელს - 2 819 370 ლარი (საიდანაც საშემოსავლო გადასახადის წილი (20%) შეადგენს 563 874 ლარს, ხოლომესამე წელს - 4 855 218 ლარი (საიდანაც საშემოსავლო გადასახადის წილი (20%) შეადგენს 971 043 ლარს)“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ფინანსთა სამინისტრო ითხოვს, რომ კანონპროექტი 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდეს.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ცვლილებების შედეგად საჭირო თანხა დაფინანსდება შემოსავლების სამსახურის შემოსავლებიდან და ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფა საჭირო არ იქნება.