მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბავშვო სამოსის ქართული ბრენდი „ნიკოლი“ ექსპორტისთვის ემზადება

62d26298549cc
ვიქტორია მღებრიშვილი
16.07.22 11:01
1141
საბავშვო სამოსის მწარმოებელი ქართული ბრენდი „ნიკოლი“ ექსპორტისთვის ემზადება, პირველი ქვეყანა კი საუდის არაბეთი იქნება.

კომპანიის საექსპორტო გეგმებსა და მიზნებზე მისი დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.

აღსანიშნია, რომ „ნიკოლი“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, საერთაშორისო გამოფენა - Pitti Immagine Bimbo 2022-ში მონაწილეობდა, რომელიც 22-24 ივნისს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართა. ნიკა ნიკოლაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ გამოფენაზე გაჩნდა მათი საბავშვო სამოსის მიმართ ინტერესი და საუდის არაბეთიდან შეკვეთაც გაკეთდა.

„საერთაშორისო გამოფენაზე „ნიკოლისადმი“ ინტერესი გერმანიიდან, ლიბიიდან, ქუვეითიდან და საუდის არაბეთიდან იყო. საუდის არაბეთიდან შეკვეთა საზაფხულო კოლექციაზე ადგილზევე მივიღეთ, თუმცა ეს შეკვეთა ვერ შევასრულეთ, რადგან საჭირო რაოდენობის მარაგი არ გვქონდა, ამიტომ მათ შემდეგი შეკვეთა შემოდგომის სეზონისთვის მოგვცეს, რომელიც საშემოდგომო კოლექციის წარმოების შემდეგ უნდა გავგზავნოთ“, - ამბობს ნიკა ნიკოლაშვილი და დასძენს, საუდის არაბეთში „ნიკოლის“ სამოსის ექსპორტი პანდემიის დაწყებამდეც ხორციელდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს მოთხოვნა ახალი დამკვეთიდან აქვთ.

მისი თქმით, კომპანიისთვის ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია, ამიტომ „ნიკოლი“ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე მუშაობას გააგრძელებს. „გერმანიის, ლიბიის და ქუვეითის მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ და ვფიქრობ, სასურველ შედეგამდე ამ ქვეყნების შემთხვევაშიც მივალთ“, - აღნიშნავს „ნიკოლის“ დამფუძნებელი.

ნიკა ნიკოლაშვილი აცხადებს, რომ დღეს „ნიკოლი“ არათუ საექსპორტო, არამედ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც წლის ბოლომდე წარმოების გაზრდას გეგმავს.