მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად არის განთავსებული საპენსიო დანაზოგები?

636b90bd891ee
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.22 23:55
1530
საქართველოს 1.3 მილიონი მოქალაქე სახელმწიფო საპენსიო სისტემაში მონაწილეობს და მათი ყოველთვიური ხელფასის 6% საპენსიო ფონდში ირიცხება. საპენსიო ფონდის მოცულობა ამჟამად 2.8 მილიარდ ლარს შეადგენს. BMG-ის გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ მოქალაქეთა დანაზოგების ინვესტირების პროცესის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საპროცენტო სარგებელი, რაც ფონდმა დაფუძნების დღიდან მიიღო უკვე 400 მილიონი ლარია. 

"ამ ეტაპზე ფონდის ღირებულებაა დაახლოებით 2.8 მილიარდ ლარამდე, ამ თანხის 8%-მდე არის განთავსებული გლობალურ აქციებში, 9% არის განთავსებული აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში, დაახლოებით 13% არის განთავსებული ქართულ სახაზინო ვალდებულებებში, 65% არის სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 2% კი არის მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე.

ამონაგები, რომელიც ფონდმა დააგენერირა არის 400 მილიონ ლარამდე.

2022 წლის აპრილში დავიწყეთ შეძენა გლობალური ფასიანი ქაღალდების, მერე ბირჟებმა ვარდნა გვაჩვენეს და ოდნავ შევიკავეთ განთავსებისგან თავი და გადავინაცვლეთ ამერიკულ სახაზინო ფასიან ქაღალდებში, რათა დაგვეპარკინგებინა თანხები რაღაც პერიოდით და როგორც კი დავინახავთ, რომ გლობალური ფასიანი ქაღალდები ვარდნას შეწყვეტენ, მზად ვართ რომ გადავინაცვლოთ გლობალურ ფასიან ქაღალდებში,"- განაცხადა გოგა მელიქიძემ. 

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი აცხადებს, რომ ამჟამად დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგადაც საპენსიო სააგენტოს იპოთეკით უზრუნველყოფილ ობლიგაციებშიც შეეძლება თანხების დაბანდება. 

"გეგმა არის რომ პორტფელის 20%-მდე იყოს აქციებში, ანუ გლობალური კომპანიების ფასიან ქაღალდებში და 20% შეგვიძლია გვქონდეს აქციებში. ამ ლიმიტს აბსოლუტურად ვიყენებთ. პორტფელის ღირებულების 18%-ით დოლარი გვაქვს შეძენილი, რომელიც აქციებსა და სახაზინო ობლიგაციებშია. ჩვენ ამ ლიმიტს სრულად გამოვიწყენებთ და 20%-ის ფარგლებში სულ აქციებს შევიძენთ.

შედის ცვლილებები კანონში, რომელიც გააჩენს შესაძლებლობას მოხდეს ინვესტიციები დამატებით აქტივების კლასებში, როგორიცაა ე.წ. covered bonds, ანუ იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციები, რათა აგრესიულად შევძლოთ ინვესტირება. ანუ გვინდა, რომ პორტფელი იყოს უფრო მეტად მრავალფეროვანი, ლიმიტების ალოკაციები შეიძლება შეიცვალოს და გაფართოვდეს, ამაზეა საუბარი,"- ამბობს მელიქიძე. 

მომდევნო წლიდან საპენსიო სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა ძალაში, 2023 წლის სექტემბერში მოქალაქეებს გაუჩნდებათ არჩევანი დარჩნენ დაბალრისკიან პორტფელში, თუ აირჩიონ საშუალო და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი. გოგა მელიქიძის განცხადებით, მთავარი სხვაობა ამ პორტფელებში არის ის, რომ მაღალრისკიან პორტფელში უცხოური აქტივების წილი 60%-მდე შეიძლება იყოს. 

"მომავალი წლის სექტემბრიდან ჩვენ გვექნება სამი კატეგორიის, დაბალი, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელი. კანონი ამას ასე განმარტავს, რომ შემდეგი ერთი წელი უნდა ვიყოთ ჩვენ დაბალრისკიან პორტფელში.

საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში აქციების და უცხოური აქტივების ალოკაცია იზრდება 40% და 60%-მდე, ეს არის ძირითადი რისკის განმასხვავებელი ამ სამ პორტფელს შორის,"- ამბობს მელიქიძე.