მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად და რამდენი მლნ იხარჯება წელს ტურიზმის მარკეტინგში?

609e5a614c4e6
ინგა მურუსიძე
14.05.21 22:15
1022
რამდენიმე თვეა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელი არ ჰყავს. მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც დეპუტატი გახდა, პოსტი 2020 წლის დეკემბერში დატოვა. ტურიზმის ადმინისტრაციას ამ დრომდე ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი მართავს.

გასული წლის ზაფხულში, საქართველო, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ჩაკეტილი იყო, ხოლო წელს ტურიზმის სექტორს იმედი აქვს, რომ ვიზიტორების მიღებას შეძლებს. რთულია პროგნოზირება, თუ რას უნდა ელოდოს წელს სექტორი იმ ფონზე, როცა ჯერჯერობით ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, შაბათ-კვირას აკრძალულია რესტორნებში შესვლა, სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილია და ა.შ. თუმცა სექტორში დასაქმებული პირების აცრა დაიწყო და მთავრობას იმედი აქვს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ეს ქვეყანას ვიზიტორების მოსაზიდად დაეხმარება.

გარდა ამისა, არც ტურიზმის სექტორისა და არც დანარჩენი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, თუ რა მარკეტინგული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს მთავრობა ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად. რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგიის პრეზენტაცია იყო დაგეგმილი, თუმცა მოულოდნელად გადაიდო და პრეზენტაცია მას შემდეგ არ ჩანიშნულა.

თუმცა, როგორც bm.ge-სთვის ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილი წერილიდან გახდა ცნობილი, 2021 წელს მარკეტინგულ სტრატეგიაზე სულ 3 268 080 ლარს დახარჯავს:

მარკეტინგული აქტივობები კი ასე გამოიყურება:

საერთაშორისო გამოფენები:
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს მიზნობრივი ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით 6 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენებზე ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად არის წარმოდგენილი.

2021 წლის 9 თებერვლიდან ოქტომბრის თვის ბოლომდე მიმდინარეობს თელ-ავივის IMTM-ის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ონლაინ რეჟიმში. ხოლო შემოდგომაზე ადმინისტრაცია თელ-ავივის ტურისტულ გამოფენაში უშუალოდ ადგილზე მიიღებს მონაწილეობას. გამოფენის ხარჯი 95,000 ლარია.

7-11 მარტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „ITB Berlin“-ის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, პანდემიის გამო გამოფენა წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდა. მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორი ქვეყნის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. გამოფენის ხარჯი 500,000 ლარია.

16-19 მაისს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებული საამიროებში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ATM-ში მიიღებს მონაწილეობას. გამოფენის ხარჯი 300,000 ლარია.

19-23 მაისს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდის FITUR საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. გამოფენის ხარჯი 90,000 ლარია. გამოფენის ფარგლებში, ადმინისტრაცია წარმოდგენილი იქნება პარტნიორი ქვეყნის სტატუსით “Meet& Connect” მიმართულებით, რაც გულისხმობს პავილიონების ბრენდინგს და გამოფენის ციფრულ პლატფორმაზე ქვეყნის პოზიციონირებას.

5-7 ნოემბერს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში ლონდონის WTM საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. გამოფენის ხარჯი 250,000 ლარია.

30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში IBTM-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. გამოფენის ხარჯი 250,000 ლარია.

შემოდგომაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში World Travel Show-ს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. გამოფენის ხარჯი 115,000 ლარია.

პრეზენტაციები:

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობას მიიღებს Roadshow-ებში, სადაც საქართველოს შესახებ პრეზენტაციები გაიმართება.

სავარაუდო მიზნობრივი ბაზრები:  გერმანია, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები - ხარჯი 30,000 ლარია.

ვიდეო რგოლი:

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მზადდება 30/15 წამიანი სარეკლამო ვიდეო რგოლი, გარდა ამისა, დაგეგმილია აღნიშნული სარეკლამო ვიდეო-რგოლის განთავსება საერთაშორისო ტელეარხებზე (CNN, EURONEWS, NAT Geo travel) ჯამში, პროგრამის ამ ნაწილზე და მასზე გაწეული ხარჯი  446,000 ლარი იქნება.

ვებ-მარკეტინგი:

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვებ-გვერდებს ანახლებს და ამ მიზნით შემდეგ აქტივობებს ახორციელებს. ვებ-გვერდების (Georgiatravel-შიდა ტურიზმის გვერდის ინტეგრირების გათვალისწინებით; GNTA; სტატისტიკის პორტალი; B2B პლატფორმა და სხვა) და სოც. მედიის მართვა/კონტენტის გენერირება/მენეჯმენტი/ საერთო ქოლგის ქვეშ გაერთიანება; ტექნიკური მხარდაჭერა, შესაბამისი პროგრამების შესყიდვა/ - ხარჯი 422,080 ლარია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი წლის განმავლობაში მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე FB&IG-ში რეკლამირებაში 100,000 ლარს დახარჯავს.

მარკეტინგული კამპანიის მიზნობრივი ბაზრებად წელს სახელდება -სპარსეთის ყურის ქვეყნები, ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სადაც სარეკლამო კამპანიებზე დაგეგმილი 300 ათასი ლარის დახარჯვა.
კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ისრაელში, ევროპის ქვეყნებში ონლაინ პლატფორმა CultureTrip.com-ის საშუალებით კამპანიას გამართავს (KPI: impressions 5 590 000, ვიდეოს განთავსება, სტატიები, სთორები, პოსტები, newsletter ) - ხარჯი 300,000 ლარი.

ადმინისტრაციული ხარჯები - 300 ათასი ლარი.

რაც შეეხება თავად ტურიზმის მარკეტინგის სტრატეგიას, ადმინისტრაციაში bm.ge-ს განუმარტეს, რომ ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს მარკეტინგული სტრატეგიით, რომელიც შეიქმნა 2018 წელს და შესაბამისად მიყვება სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულებას, თუმცა არსებული პანდემიის პირობების გათვალისწინებით (COVID 19) განხორციელდა სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიით დასახული მიზნების განხორციელებისათვის განსაზღვრული ბიუჯეტის გადახედვა და ცვლილება.

"მიმდინარეობს მუშაობა “საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025”-ის პოსტკოვიდურ რეალობასთან ადაპტირების მიმართულებით, რაც გულისხმობს დანართის შემუშავებას, რომელიც კონკრეტულად მიმართული იქნება ტურიზმის სექტორის ეფექტიან და დროულ აღდგენაზე", - ნათქვამია გამოგზავნილ წერილში.