მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის 4 ქალაქში მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს - როგორია ვიზიტები?

ჩინეთი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჩინეთის სტრატეგიულ ბაზარზე მასშტაბური მარკეტინგული კამპანია და როუდშოუ – „Emotions are Georgia – China Roadshow 2026“ მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებები ჩინეთის ოთხ უმსხვილეს ქალაქში – პეკინში, შანხაიში, გუანჯოუსა და ჩენგდუში იმართება.

როუდშოუს ფარგლებში, ჩინეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს შესახებ ვრცელი პრეზენტაციები ეწყობა. ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს ადგილობრივი ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები ეცნობიან.

პარალელურად, პეკინის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო ბანერები განთავსდა. ყველაზე ხალხმრავალ ლოკაციებზე ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები საქართველოს კურორტებს, უნიკალურ ბუნებასა და სამოგზაურო შეთავაზებებს ეცნობიან.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მასშტაბური კამპანიის მთავარ მიზანს ჩინეთის სტრატეგიულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა წარმოადგენს.

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს ჩინეთი იმ TOP 15 ქვეყანაშია, საიდანაც ქვეყანამ ყველაზე მეტი ტურისტი მიიღო. იანვარ-სექტემბერში (I-III კვარტალი) ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 119 081 შეადგინა. სტატისტიკის თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (2025 წლის 9 თვეში - 96 333 ვიზიტი) შედარებით, ჩინეთიდან შემოსული ვიზიტორების ნაკადი 23.6%-ით (22 748 ვიზიტით) არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები