ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპერსეთის ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ქუვეითსა და კატარში მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.
უწყების ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ როუდშოუები, პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები გაიმართა.
ღონისძიებებს ქუვეითში - ადგილობრივი ტურისტული სექტორის 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრების ფარგლებში ქართულმა კომპანიებმა უცხოელ პარტნიორებს საკუთარი პროდუქტები და ტურისტული შეთავაზებები გააცნეს, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართა წამყვან ავიაკომპანიებთანაც, კერძოდ, ადმინისტრაციის წარმომადგენლები Jazeera Airways-ისა და Qatar Airways-ის მენეჯმენტს შეხვდნენ.
ცნობისთვის, საქართველოში ყურის ქვეყნებიდან შემოსულ ნაკადებში ქუვეითი კატართან შედარებით, გაცილებით მსხვილი ბაზარია:
ქუვეითიდან ვიზიტების პიკი 2024 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანას 27 277 ვიზიტორი ესტუმრა (2019 წელს - 20 118). 2025 წელს ნაკადმა 23 484 შეადგინა, ხოლო 2026 წლის 9 თვეში საქართველოში უკვე 11 061 ვიზიტი შედგა.
კატარიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა შედარებით მოკრძალებულია და პანდემიამდელ 2019 წელთან (3 525 ვიზიტი) შედარებით, აღდგენის პროცესშია: 2024 წელს 1 914 ვიზიტი განხორციელდა, 2025 წელს - 2 003, ხოლო 2026 წლის პირველ 9 თვეში - 1 142.
ორივე ქვეყნის შემთხვევაში მოგზაურობის მკვეთრად გამოხატული პიკი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ფიქსირდება.
























