მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად „გაიჭედა“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა?

626125191a1f8
თათია ჩაფიჩაძე
22.04.22 09:40
2911
ბოლო დღეებში საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილება იზრდება. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ გამართულად არ მუშაობს მეტროს ესკალატორები, არასაკმარისია მიკროავტობუსები, ავტობუსების ლოდინის დრო კი შემცირების ნაცვლად, გაზრდილია.

გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა 2 მთავარ მიზეზს ასახელებს: 18-მეტრიანი ავტობუსების არარსებობას და 10 სატრანსპორტო დერეფნის მოუწესრიგებლობას ასახელებს.

„საქმიანი დილის“ ეთერში კვაშილავამ განაცხადა, რომ კოვიდის დასრულების ფონზე, მოქალაქეების მობილობა ყოველდღიურად იზრდება და თუ მერია შესაბამის ინფრასტრუქტურას დროულად ვერ მოაწყობს, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება.

„ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ის დერეფნები, რომელიც გამოცხადდა რომ უნდა მოწყობილიყო არ დასრულებულა და გარკვეულწილად შეფერხდა. ავტოპარკის განახლება არ დასრულებულა, უნდა შემოვიდეს 18-მეტრიანი ავტობუსები, რომემლებიც ამ 10 დერეფანზე ივლის. თუ ძირითადი ღერძი ვერ შევკარით და ვერ დავფარეთ მსხვილი უბნები, ეს პრობლემები სულ გვექნება. თან ვიცით, რომ მიკროავტობუსების რაოდენობა შემცირდა და მათ სხვა ფუნქცია აქვთ, მათ უნდა უზრუნველყონ ხალხის გადმოყვანა იქიდან, სადაც ავტობუსები არ არის, თუმცა ისინი კარგად უნდა იყვნენ დაკავშირებულები ამ ძირითად დერეფნებთან და ცენტრებთან.

თუ გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მეტად გახდეს მოხმარებადი, ეფექტიანი, კომფორტული,ამ დერეფნების მოწყობა სასწრაფოდ უნდა გაგრძელდეს თავისი ინფრასტრუქტურით და ავტოპარკის შევსებით.

ამ ეტაპზე დერეფნის სხვადასხვა ნაწილია მოწყობილი, მაგრამ ისინი ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული. რამდენიმე იგეგმება, კეთდება, მაგრამ მთავარი აქცენტი იმ ადგილებზე უნდა გაკეთდეს, სადაც ბევრი ხალხი გროვდება და მაღალი მობილობაა. ახალი სქემის მიხედვით, კარგად გამოჩნდა, სად არის მეტი მოთხოვნილებაა, თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს რეფორმა როცა დაიწყო, კოვიდის გამო ხალხის მობილობა შემცირებული იყო, ახლა ადამიანები უბრუნდებიან ცხოვრების რეჟიმს.

გამოიკვეთა, რომ უფრო დიდი პრობლემაა გარეუბნებში: მაგალითად ლილოს მიმართულებით. გარეუბნების დაკავშირება ცენტრთან უფრო მწვავე პრობლემაა, ვიდრე ცენტრალურ უბნებში გადაადგილება. ეკონომიკური აქტიურობა ცენტრშია და შესაბამისად, მობილობა გარეუბნიდან ცენტრისკენ, მაღალია. ავტობუსების რეფორმა, პარკინგის რეფორმა, ეს ყველაფერი ერთი სისტემაა, მაგრამ აქცენტი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეკვრაზე და დერეფნის დასრულებაზე, თორემ ეს პრობლემები არ შემცირდება, პირიქით“, - აცხადებს კვაშილავა.

ექსპერტი ცენტრალურ ხელისფლებას მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით თბილისმა სხვა ქალაქების მუნიციპალიტეტებთან ერთად აქტიურად უნდა იმუშაოს.

„ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი ერთი პერიოდი უფრო სწრაფად მიდიოდა და ახლა ისეთივე ინტენსივობით აღარ მიდის, არადა ის, რაც დაიწყო უნდა დასრულდეს. გეგმის მიხედვით, 2023 წლამდეა ვადა, თუ გააქტიურდება მერია მაშინ ამ ვადაში რეალისტურია რეფორმის დასრულება.

ზოგადად იცით, რომ დაფინანსება მოდის როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, უფრო აქტიური უნდა იყოს მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდანაც სხვა ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებითაც. ჩვენთან ძირითადი აქცენტი კეთდება მაგისტრალებზე, საერთაშორისო გადაზიდვებზე და ეს ვერ მოხდება, თუ ჯერ ქალაქის გზები ვერ მოვაწესრიგეთ", - მიიჩნევს კვეშელავა.