მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისიდან კოპიტნარის აეროპორტამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის - გიდების ასოციაცია

ქალაქი ქუთაისი

2023 წლის 7 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 856 646 მგზავრს მოემსახურა. აეროპორტის მმართველი სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელი გადაყვანილი მგზავრების მიხედვით რეკორდული იქნება და ვარაუდობენ, რომ აეროპორტი მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება.

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდის მიუხედავად, ქუთაისის ტურისტული სექტორი ამბობს, რომ ეს გავლენას არ ახდენს ქალაქში ტურისტების რაოდენობაზე. ისინი თვლიან, რომ სხვადასხვა რეისით ჩამოსული ტურისტები გვერდს უვლიან ქალაქს, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს.

ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში ამბობენ, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქალაქი, რომელსაც აქვს აეროპორტი და აეროპორტიდან არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქუთაისი კი ამ მხრივ გამონაკლისია. როგორც გიდების ასოციაციის თავმჯდომარე bm.ge-სთან ყვება, აღნიშნული პრობლემის შესახებ 2012 წლიდან მოყოლებული ადგილობრივ თვითმმართველობას საქმის კურსში აყენებენ, თუმცა მათ ჩივილს შედეგი არ აქვს.

„არ არსებობს მსოფლიოში ქალაქი, რომელსაც გააჩნია აეროპორტი და ქალაქში არ აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტით წვდომა. ქუთაისის აქვს აეროპორტი და მასთან არ აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტით წვდომა. ეს წარმოუდგენელია, მსოფლიოში გამონაკლისი ქალაქი ვართ. პრობლემა აზარალებს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ბიზნესსექტორს.

ჩამოსული ტურისტები რჩებიან გარეთ. ტურისტი იძულებულია ტაქსით გადაადგილდეს. მას ეს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე თბილისის ან ბათუმის მიმართულებით კომფორტული ტრანსპორტით გადაადგილება

ადგილობრივ თვითმმართველობას ამ პრობლემას თითქმის ყოველ წელს ვახსენებთ. საქმის კურსშია იმერეთის გუბერნიაც. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენს თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია.“ - აღნიშნავს ლაშა ბერეკაშვილი.