სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭავჭავაძის გამზირის №67-ში მდებარე სარეალიზაციო ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს და დარღვევების გამო საქმიანობა შეუჩერეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს შესაბამისი რეგისტრაციისა და სააგენტოს მიერ გაცემული აღიარების გარეშე ყიდდა. ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისთვის სავალდებულოა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება. აღნიშნული პროცედურა სანიტარიულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითვალისწინებს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით კონტროლს აქტიურად აგრძელებენ. ამასთან, უწყება ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.
























