ვანის მუნიციპალიტეტში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სააგენტოს ცნობით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმური შემოწმების შედეგად, ვანის სოფელ შუამთაში, ზვიად გამსახურდიას N2-ში მდებარე შპს „შუამთაში“ დარღვევები გამოავლინეს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი გოჭებს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.




























