მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო არბიტრაჟებში იურისტების დაქირავებისთვის მთავრობა დამატებით 60 მილიონს დახარჯავს

60e57d95075c2
შოთა ტყეშელაშვილი
07.07.21 14:49
773
საქართველოს გადასახადის გადამხდელებს მთავრობის საერთაშორისო დავების დაფინანსება წელს მოსალოდნელზე ძვირი დაუჯდებათ. მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება, წელს 60 მილიონი ლარით გაიზრდება, რაც ძირითადად უცხოელი იურისტების დაქირავებაზე უნდა დაიხარჯოს. 

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 60 მლნ ლარით და განისაზღვრება 296.5 მლნ ლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია საერთაშორისო არბიტრაჟებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის ხარჯების დაფინანსების ზრდით," - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში. 

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ცვლილებამდე ამ პროგრამის დაფინანსება 25.7 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. შესაბამისად, მისი ბიუჯეტი 85.7 მილიონ ლარამდე იზრდება. 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტმა საერთაშორისო დავებში წარმომადენლობაზე 48.6 მილიონი დახარჯა, 2019 წელს ეს მიმართულება 35.8 მილიონით დაფინანსდა.

დღეს საქართველოს მთავრობა არაერთ საერთაშორისო დავაში არის ჩართული, მათ შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე დავები. ასევე დავები მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში (ICSID), ჰააგაში მდებარე მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში, ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ტრიბუნალში. 

საინვესტიციო დავებს შორის, რომლებიც ამ სასამართლოებში განიხილება, არის ორი მიმდინარე დავა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით - მათ შორის პირველი სარჩელის ავტორია უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, მეორე დავის სარჩელის ავტორი კი პროექტის ერთ-ერთი ინვესტორი ბობ მეიერია. ამასთანავე, მსოფლიო ბანკის საარბიტრაჟო ტრიბუნალში 2020 წელს შეიტანა სარჩელი "კავკასუს ონლაინის" ახალმა მესაკუთრემ Neqsol Holding-მა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნას აპროტესტებს. საარბიტრაჟო სასამართლოში ამ დრომდე არ დასრულებულა რამდენიმე წლის წინ Inter Rao-ს მიერ დაწყებული დავა გარდაბნის თბოსადგურისთვის სატარიფო პოლიტიკით მიყენებული ზარალის შესახებ. 

თითოეულ ამ საქმეზე საქართველოს მთავრობას უცხოელი და ადგილობრივი იურისტები ჰყავს დაქირავებული, რომელთა ჰონორარებიც ბიუჯეტს მილიონობით ლარი უჯდება.