მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

იუსტიცია

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს სასარგებლოდ $400 მილიონზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. მისი განმარტებით, თანხის გადახდის ვალდებულება თავად ვაშინგტონის სასამართლოს მიერ არ დადგენილა. ეს ვალდებულება 2024 წელს პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით წარმოიშვა, რომლის გაუქმებასაც საქართველო საფრანგეთის იურისდიქციაში ამ დრომდე ითხოვს. ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილება კი ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აშშ-ში ცნობა-აღსრულების პროცედურის გაგრძელებას შეეხება.

„დღეს ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია ENKA-ს სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ნამახვანჰესთან დაკავშირებულ საქმეზე. სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე. საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც 2 წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში. სწორედ პარიზში მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა. საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი აქვს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე არ ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე“, - განაცხადა ძამაშვილმა.

მისივე თქმით, ENKA-მ პარიზში მიმდინარე პროცედურების დასრულებას არ დაელოდა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აშშ-ში ცნობა-აღსრულების პარალელური პროცედურა დაიწყო. „რაც შეეხება ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს შეეხებოდა მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს, რადგან მხარე არ დაელოდა პარიზში პროცედურების დასრულებას და პარალელურად სცადა ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურების დაწყება. ვაშინგტონის სასამართლომ მსჯელობდა, უნდა დალოდებოდა თუ არა პარიზში პროცედურების დასრულებას და ეს გადაწყვეტილება, რომელსაც აშუქებენ ცალკეული ტელევიზიები, მხოლოდ პროცესუალურად შეეხება იმას, რომ ვაშინგტონში პარალელურად გაგრძელდება ეს პროცედურები“, - აღნიშნა მან.

11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ საქართველოს მოთხოვნა, აშშ-ში მიმდინარე პროცედურა საფრანგეთში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საქმის დასრულებამდე შეჩერებულიყო, არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, აშშ-ში ENKA-ს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურა გაგრძელდება.

ძამაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. „კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა მან.

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის (ვაშინგტონის) სასამართლოს 11 სექტემბრის განაჩენი:

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-ს წინააღმდეგ არბიტრაჟში დაკისრებული $400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში.

საქართველოს ხელისუფლება აქამდე ამ კომპენსაციის გადახდის შეჩერებას ცდილობდა საფრანგეთის იურისდიქციაში, სადაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო კოლეგიამ განიხილა და ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში საქართველოს 383-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამასთან, კომპენსაციას თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი (SOFR+4%)-ის ოდენობით, რაც კომპენსაციის ძირს ერიცხება თითოეულ გადაუხდელ კვარტალზე, ამ დროისთვის ჯამური კომპენსაცია 400 მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად აღემატება. საფრანგეთის სასამართლოში განხილვების დასრულებამდე კომპენსაციის აღსრულება შეჩერებული იყო. თუმცა, ახლა უკვე აშშ-ის სასამართლოს განაჩენით მისი აღსრულების პროცესის დაძვრა არის განსაზღვრული.

როგორც სასამართლოს ჩანაწერიდან ირკვევა, ENKA Renewables-მა მიმართა აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს იმიტომ, რომ აშშ არის არბიტრაჟის შესახებ 1958 ნიუ-იორკის საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერი მხარე და მისი იურისდიქციის გამოყენება მოდავე მხარეებს სამართლიანად შეუძლიათ. ENKA-მ წარადგინა 2024 წლის დეკემბრის განაჩენი, რის საფუძველზეც, აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ განაჩენი აღსრულებაში მოაქცია.

იურიდიული დეტალები

საქართველოს მხარე აშშ-ის სასამართლოში საქმის შეჩერებას ითხოვდა საფრანგეთში მიმდინარე პროცესის დასრულებამდე, სადაც საქართველო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას ცდილობს. სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ არბიტრაჟის დაწყებიდან თითქმის ოთხი წელი იყო გასული, ხოლო პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის ოქტომბერში გამართული საბოლოო მოსმენის შემდეგ გადაწყვეტილების მიღების ვადა უცნობი იყო. სასამართლომ ამ ნაწილში მოიხმო LLC SPC Stileks v. Republic of Moldova და Venco Imtiaz Construction Co. v. Symbion Power LLC, სადაც ხანგრძლივი პროცესის პირობებში აღსრულების დაუყოვნებლივ განხილვის პრინციპებია ჩამოყალიბებული.

საქართველო ასევე დავობდა, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ზიანის დათვლისას სათანადოდ არ მისცა მას საკუთარი პოზიციის წარმოდგენის შესაძლებლობა. სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ საქართველო თავად მონაწილეობდა Construction Risk Premium-ის განსაზღვრის პროცედურის განხილვაში და ერთობლივი ექსპერტული ანგარიშის მომზადებას არსებითად არ დაპირისპირებია. სასამართლომ Enron Nigeria Power Holding v. Federal Republic of Nigeria-ზე მითითებით აღნიშნა, რომ გარკვეული პროცედურული დაცვის საფუძვლები შესაძლოა მხარემ თავად დაკარგოს, თუ შესაბამის პროცედურას დათანხმდა.

საქართველოს არგუმენტი, რომ კომპენსაციის აღსრულება აშშ-ის საჯარო პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, ასევე უარყოფილია. საქართველო მიუთითებდა სახელმწიფოს სუვერენულ უფლებაზე, საკუთარ ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების მართვის შესახებ. სასამართლომ ამასთან დაკავშირებით მოიხმო Hardy Exploration & Production v. Government of India, თუმცა აღნიშნა, რომ ის საქმე განსხვავებული იყო, რადგან იქ სახელმწიფოს კონკრეტულ ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მოპოვების დაშვება მოეთხოვებოდა. ENKA-ს შემთხვევაში კი გადაწყვეტილება მხოლოდ ფულად კომპენსაციას ითვალისწინებს. სასამართლომ ასევე მიუთითა Doraleh Container Terminal v. Republic of Djibouti-ზე, რომლის მიხედვითაც წმინდად საკომპენსაციო გადაწყვეტილება აშშ-ის საჯარო პოლიტიკას არ არღვევს.

რას შეეხება საარბიტრაჟო დავა?

საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორსმაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის "ნამახვანჰესის" $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.

ENKA-მ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულებელყოფას უკავშირდებოდა.

"ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.

კომპანია Enka Renewables-ი თურქული საინჟინრო და ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილია, კომპანია 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები