მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ტურიზმის იმედი წელს არ გვაქვს - გიორგი დოლიძე

605b5462eac0b
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.21 19:22
1107
1 თებერვლიდან საქართველოს მთვარობამ რამდენიმე ქვეყანასთან ავიამიმოსვლის შეზღუდვა გააუქმა. დღეისთვის საქართველოში შემოსვლა გარკვეული წესებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; ისრაელის; თურქეთის; შვეიცარიის; ნორვეგიის; ამერიკის შეერთებული შტატების; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს; საუდის არაბეთის სამეფოს; კატარის; არაბთა გაერთიანებული საამიროების; ბაჰრეინის სამეფო; სომხეთის; აზერბაიჯანის; უკრაინის; ყაზახეთის; რუსეთის; ბელარუსის; უზბეკეთის; ტაჯიკეთის; ყირგიზეთის და თურქმენეთის მოქალაქეებს ან ამავე ქვეყნების ბინადრობის უფლების მქონე პირებს აქვთ.

რა მიმართულებიდან სტუმრობენ საქართველოს საერთაშორისო ტურისტები და როგორია მათი მხრიდან აქტივობა - ამ კითხვებით BM.GE-მ გიორგი დოლიძეს მიმართა, რომელიც ამ დროისთვის კახეთსა და მესტიაში მოქმედი სასტუმროების „ამპელოსა“ და „ბანგურიანის“ ბიზნეს კონსულტანტია.

მისი თქმით, 2021 წლის გაზაფხულიდან უცხოელი ტურისტული ჯგუფების მხრიდან სასტუმროებში ჯავშნები კეთდებოდა, თუმცა სეზონის მოახლოებასთან ერთად ტურისტულმა კომპანიებმა არსებული ჯავშნების გაუქმება დაიწყეს, რაც მოსალოდნელი იყო. გიორგი დოლიძის ინფორმაციითვე, მოთხოვნა იყო რუსეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ჩინეთიდან.

„სამთო კურორტებზე შეზღუდვების მოხსნამდე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, თუმცა ეს რეალური მოთხოვნა არ ყოფილა. შემდეგ დაიწყო გაუქმებები, რაც არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო. საერთაშორისო ტურიზმის იმედი წელს არ გვაქვს და ვფიქრობთ, ჯგუფური ტურიზმი არ გვექნება. რაც შეეხება ინდივიდუალურ ტურიზმს, ჯავშნები უფრო მაისიდან იწყება“, - ამბობს გიორგი დოლიძე.

სასტუმროების ბიზნესკონსულტანტი იმ ასაკობრივ კატეგორიებს ასახელებს, რომლებიც წელს საქართველოში იმოგზაურებენ და აღნიშნავს, რომ მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანას უფრო დაბალმხარჯველუნარიანი ტურისტები ესტუმრებიან.

„ტურიზმის გააქტიურებასთან ერთად ველით, რომ 40 წლამდე ასაკის პირები უფრო მეტად იმოგზაურებენ, ვიდრე 40 წელს გადაცილებულები, რადგან ამ ასაკობრივ კატეგორიაში მოგზაურობისადმი სიფრთხილე უფრო მეტია. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ 40 წელს გადაცილებული პირები ხასიათდებიან მაღალმხარჯველუნარიანობით. 40 წლამდე პირები ძირითადად რეგიონებს დატვირთავენ და ამ დროს რეგიონებში მოქმედმა 3-ვარსკვლავიანმა სასტუმროებმა და გესთჰაუსებმა უნდა იაქტიურონ“, - აღნიშნა დოლიძემ.

მისი თქმით, დედაქალაქში ტურიზმის გააქტიურება და სასტუმროების დატვირთვა სრულად საერთაშორისო ტურიზმის აღდგენაზეა დამოკიდებული და შესაბამისად, ამ მიმართულებით დიდი მოლოდინები არ არის.

„თბილისში ტურიზმის ამოქმედება გამორიცხულია, რადგან ის სრულად საერთაშორისო ტურიზმზეა დამოკიდებული. დედაქალაქში ტურიზმი, შესაძლოა, დაბალი ტემპით ამოქმედდეს, რაც საკონფერენციო მიმართულებისა და სპორტული ჯგუფების გააქტიურებას გულისხმობს, რომლის წყალობითაც დღეს თბილისში რამდენიმე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ფუნქციონირებს“, - ამბობს სასტუმროების ბიზნესკონსულტანტი და დასძენს, რომ ბათუმშიც სეზონი იმ შემთხვევაში გააქტიურდება თუ გასული წლის მსგავსად მკაცრი რეგულაციები არ დაწესდება.

გიორგი დოლიძის პროგნოზით, ზაფხულის სეზონის გააქტიურებასთან ერთად, მისი კონსულტირების ქვეშ მყოფი სასტუმროების დატვირთულობა შიდა ტურიზმის ხარჯზე 70%-80%-მდე გაიზრდება. ამასთან, ის ამბობს, რომ სასტუმროებში განთავსების ღირებულება პანდემიამდე არსებული ფასების მესამედი გახდა, რაც მხოლოდ სასტუმროების შენახვის შესაძლებლობას იძლევა.