მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუტიკ-სასტუმრო „შოთა რუსთაველი“: რუსთაველის გამზირის რეკონსტრუქციამ მიმდებარე სასტუმროების დატვირთვა შესაძლოა შეამციროს

რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილმა მასშტაბურმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა შესაძლოა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროების დატვირთვაზე გავლენა იქონიოს. ამის შესახებ BM.GE-სთან ბუტიკ-სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალურმა მენეჯერმა ნინო ჩუბინიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი სასტუმრო უშუალოდ რუსთაველის გამზირზე არ მდებარეობს, ობიექტი გამზირთან ახლოსაა და სტუმრების ნაწილი სწორედ ამ მიმართულებიდან სარგებლობს მისასვლელი გზით.

„შესაძლოა, რეკონსტრუქციამ გარკვეული გავლენა მოახდინოს როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე მის მიმდებარედ მდებარე სასტუმროების დატვირთვაზე. იწყება მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, რის გამოც გადაითხრება მანქანების სავალი ნაწილი, ხოლო, როგორც დაანონსებულია, სამუშაოები დღე-ღამის განმავლობაში გაგრძელდება, რათა პროექტი ნოემბრამდე დასრულდეს.

გვესმის, რომ ეს სამუშაოები აუცილებელია, რადგან წლების განმავლობაში წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები არსებობდა, თუმცა მოკლევადიან პერიოდში ისინი, სავარაუდოდ, სასტუმროების დატვირთვაზე გარკვეულ უარყოფით გავლენას მაინც მოახდენს“, - განაცხადა მან.

მისი შეფასებით, სამშენებლო სამუშაოები ტურისტებისთვის შესაძლოა დამატებითი დისკომფორტის მიზეზი გახდეს. „თუ სასტუმროდან გამოსვლისას ორ ნაბიჯში დიდი თხრილები დაგხვდება, ეს სტუმრისთვის, ბუნებრივია, ხელის შემშლელი იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ გარკვეული გავლენა დატვირთვაზე შეიძლება ჰქონდეს“, - აღნიშნა მან.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს მერიასთან ან მუნიციპალიტეტთან უშუალო კომუნიკაცია არ ჰქონია და სამუშაოების დაწყების თარიღის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, საჯარო წყაროებიდან გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული მიმდინარე თვის დასაწყისში გამოვლინდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, სატენდერო კომისიამ ტენდერებში გამარჯვებულად ერთადერთი მონაწილე კომპანია შპს "სმარტ სოლუშენსი" გამოავლინა.

პროექტი სამ ლოტად დაიყო:

  • ბესიკის ქუჩიდან - თავისუფლების მოედნამდე: სავარაუდო ფასი – 7,981,840 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" მიერ წარდგენილი ფასი 7,921,830 ლარი;
  • სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ - ბესიკის ქუჩამდე: სავარაუდო ფასი – 5,842,569 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" მიერ წარდგენილი ფასი 5,781,000 ლარი;
  • თ. ჭოველიძის ქუჩიდან - „მერანამდე“: სავარაუდო ფასი – 6,130,241 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" მიერ წარდგენილი ფასი 6,070,152 ლარი.
  • ჯამი: სავარაუდო ფასი – 19,954,650 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" ფასი ჯამურად 19,772,982 ლარი.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანია "სმარტ სოლუშენსი" ბიზნესმენ ლევან გოგსაძის საკუთრებაშია და ის 2015 წელს არის დაფუძნებული. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ლევან გოგსაძე და გურამ კეკუა იკავებენ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის თანახმად, კომპანია თეთრ სიაშია და მას რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები