14.აგვისტო .2020 23:50

საფონდო ბირჟაზე განთავსებული „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციის ღირებულება 1 ლარია

views 5555
უკან

თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის კუთვნილი კომპანია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე ცოტა ხნის წინ დაილისტა. როგორც კომპანიაში bm.ge-ს განუცხადეს, სასტუმროს ნომინალური საერთო ღირებულება ბირჟაზე 54,476,929 ლარია. ერთი აქციის ღირებულება კი ერთი ლარია.

„სასტუმროს დედა კომპანია Metro Avrasya Investments Group-ი მიიჩნევს, რომ საფონდო ბირჟები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს განვითარებად ქვეყნებში, ვინაიდან მთავარი გამოწვევა, რაც ამ ტიპის სახელმწიფოებს აქვთ, არის კაპიტალის ფორმირება“, – განუცხადეს bm.ge-ს კომპანიაში.

მათივე თქმით, იმისათვის რომ განვითარდეს თანამედროვე კაპიტალ-ბაზრები, ვიღაცამ უნდა მოახდინოს ინვესტირება ამ კუთხით და სწორედ ამას აკეთებს Metro Avrasya Investments Group-იც, რომელიც საქართველოს ტურიზმისა და სამშენებლო სექტორებში მნიშვნელოვან წილს იკავებს.

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი“ 2017 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც თავდაპირველად აერთიანებდა ბათუმში მდებარე სასტუმრო „ეიფორიას“ და რესტორანს. 2017–2019 წლებში კი კომპანიას დაემატა ოთხი სასტუმრო: Business Legend-ი, „ინტურისტი“, Metro Sky Tower-ი და „ეიფორიას“ აპარტამენტები.

2020 წლის 11 აგვისტოდან სს "მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ (ს/ნ 445504482) B კლასის აქციები (ISIN GE1100003932) დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში და სავაჭრო სისტემაში. აქციებს მიენიჭა საბირჟო კოდი (ტიკერი) - MEHBB. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა