„ვფიქრობ, 2023 წელი იყო ერთ-ერთი ნაყოფიერი წელი ზოგადად საფონდო ბირჟის ისტორიაში“ - ასე შეაფასა „საფონდო ბირჟის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა 2023 წელი BMG-სთან ინტერვიუში.
როგორც ნინო ქურდიანი ამბობს, გასული წელი გამორჩეული იყო კორპორაციული ობლიგაციების ემისიით, შედეგად, საფონდო ბირჟაზე შეიცვალა ამ დრომდე არსებული ტენდენცია და საერთაშორისო ორგანიზაციების ობლიგაციებს კორპორაციულმა მკვეთრად გადააჭარბა.
„ბირჟაზე დალისტული ფასიანი ქაღალდების არცთუ მცირე ნაწილს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოშვებული ობლიგაციები შეადგენდა, რაც გარკვეულ ინიექციას წარმოადგენს - დახმარებას ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისათვის. წელს, ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული ობლიგაციების რაოდენობა ოთხამდე შემცირდა, მაშინ როდესაც კორპორაციული ობლიგაციების რაოდენობა 17-დან 28 ემისიამდე გაიზარდა. ეს ძალიან დიდი ზრდაა და გვიჩვენებს კორპორაციული ბაზრის მხრიდან დაფინანსების ალტერნატიული წყაროს მიმართ ინტერესს“, - განაცხადა „საქმის კურსში“ სტუმრობისას ნინო ქურდიანმა.
მიუხედავად პოზიტიური ცვლილებისა, კაპიტალის ბაზრის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ბაზარზე ჯერ მხოლოდ „პირველ მერცხლებს“ ვხედავთ და ეს ვითარება კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება.
„იმის თქმა, რომ ბიზნესმა გემო გაუგო ამ ინსტრუმენტს, ჯერ ადრეა. ჯერ „პირველ მერცხლებზეა“ საუბარი და „პირველი მერცხლების“ პერიოდი ალბათ კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება. თუმცა ის, რომ ახალი კომპანიები დაფინანსების ამ წყაროს მისაღებად მოდიან, ქმნიან გარკვეული ინტერესის წერტილს და მეტი აქტივობა შეინიშნება კაპიტალის ბაზარზე, სხვა სუბიექტებისთვისაც (პოტენციური ემიტენტების, ინვესტორებისთვის) მანიშნებელია, რომ ეს სფერო შეიძლება საინტერესო იყოს“, - ამბობს ნინო ქურდიანი.
მისი თქმით, რეალურად ობლიგაციები დაფინანსების კომფორტული წყაროა და ის პირველ რიგში, კომპანიებს დივერსიფიკაციის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, ობლიგაციებით შესაძლებელია არაუზრუნველყოფილი დაფინანსების მიღება.
„ამ მიმზიდველობის და იმის გამო, რომ ობლიგაციები, ვაჭრობა, მიღებული საპროცენტო შემოსავლები გათავისუფლებულია გადასახადებისგან, ქმნის დიდ მიმზიდველობას, როგორც ინვესტორების, ასევე ემიტენტებისთვის“, - აცხადებს ნინო ქურდიანი.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიებზე სულ 29 გარიგება დაიდო, ჯამურმა ღირებულებამ 162 429 ლარი შეადგინა. ამასთან, გაცილებით აქტიური იყო არასაბირჟო გარიგებები და კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი. ე.წ "ფიქსინგით", გასული 12 თვის განმავლობაში ლარში დენომინირებულ ფასიან ქაღალდებზე 11 გარიგება დაიდო, დოლარში დენომინირებულ ფასიან ქაღალდებზე 94 გარიგება დაფიქსირდა (10 728 335 დოლარის ღირებულებით), ევროში კი 18 გარიგება აღირიცხა (1.5 მლნ ევროს ღირებულებით).
ამ ეტაპზე საქართველოს საფონდო ბირჟაზე დალისტულია 805 მლნ ლარის, 847 მლნ დოლარის და 9 მლნ ევროს ობლიგაციები.