მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაააქტიურებს საქართველოში კაპიტალის ბაზარს? - ნინო ქურდიანის მოსაზრება

64046001d2fd7
ლიკა მეგუთნიშვილი
05.03.23 14:00
1177
„იმისთვის, რომ კაპიტალის ბაზარზე ლიკვიდურობა შევქმნათ, საცალო მომხმარებლებზე უნდა ვკონცენტრირდეთ“, - ამის შესახებ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა, ნინო ქურდიანმა BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად ქვეყანაში საფონდო ბირჟის ბაზარზე ძირითადად ობლიგაციებია წარმოდგენილი და დაინტერესება სწორედ ამ მიმართულებითაა. სააქციო კაპიტალის მიმართულება კი, განვითარებული არ არის, ამიტომ, მასზე მეტი კონცენტრაციაა საჭირო.

"ისტორიულად ასეა, რომ კომპანიებისთვის უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი არის ობლიგაციების მიღება და შესაბამისად, მათი ინტერესიც ამ მიმართულებითაა. სააქციო ბაზარს ძალიან ბევრი თავისებურება ახასიათებს, უპირველესად, კორპორაციული მართვის სტრუქტურის გადახედვასა და მის მთლიანად შეცვლას საჭიროებს ხოლმე კომპანიების მხრიდან, მანამ სანამ ისინი აქციების ბაზარზე განაცხადს გააკეთებენ. შესაბამისად, ინტერესი სააქციო ბაზრის მიმართ გაცილებით ნაკლებია, უფრო სწორად, თითქმის ნულის ტოლია. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გამოწვევა და ხედვის ობიექტი“, - განაცხადა ნინო ქურდიანმა.

საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ საინვესტიციო ფონდებს, რომლებიც თავიანთ ერთეულებს ბირჟაზე დალისტავენ და მათზე აქტიური ვაჭრობა იქნება.

„ეკონომიკას სჭირდება აქტიური კაპიტალის ბაზარი, რომლის მონაწილე არის საფონდო ბირჟა. ვფიქრობ, რომ წილობრივი ფასიანი ქაღალდები, ანუ სახელმწიფო ობლიგაციების წილების დალისტვა გააქტიურებს კაპიტალის ბაზარს. სასესხო ბაზარი მეტ-ნაკლებად მაინც აქტიურია. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ მასზე მეტი მოთამაშე შემოვა, მეტი ინვესტორი, მათ შორის სახელმწიფო კომპანიების სახით. მათი აქციების გამოჩენა კაპიტალის ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი ბუსტი იქნება. ეს გვხვდება კიდეც ეკონომიკის სამინისტროს სამოქმედო გეგმაში და თუ რეალურად განხორციელდება და იქნება ნება, ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმის, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას“, -აცხადებს საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი, ნინო ქურდიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები