საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს მოსაპოვებლად კომპანიებისათვის განცხადებების წარდგენა 31 ოქტომბერს დაიხურა. 120-ზე მეტი კომპანიიდან ჟიურის წევრები BARTA-ს ჯილდოს მფლობელს რამდენიმე კვირაში გამოავლენენ.
საკითხზე, თუ რამდენად ეხმარება დაჯილდოების ფარგლებში კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგებები კაპიტალის ბაზრის განვითარებას, BMGTV-ს გადაცემა “საქმის კურსში” საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი, ნინო ქურდიანი საუბრობს და აღნიშნავს, რომ BARTA-ს ჯილდოს მოპოვებით წელს გაცილებით მეტი კომპანიაა დაინტერესებული.
“აქამდე კომპანიების მხრიდან, როგორც წესი, მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების წარმოდგენას ვაქცევდით ყურადღებას, მაგრამ ფინანსური ანგარიშგება არ არის ერთადერთი ინფორმაცია, რაც კომპანიის შესახებ შეიძლება გქონდეს. არსებობს მმართველობის ანგარიშგება, არსებობს საინტერესო და ახალი მიმართულებები, როგორიცაა, მაგალითად, მდგრადი განვითარების ანგარიშგება. საუკეთესო პრაქტიკაა, როდესაც კომპანიები ყველა ამ სფეროს შესახებ ინტეგრირებულ ანგარიშგებას წარადგენენ. სწორედ ამის წახალისებისთვის ტარდება BARTA.
შარშანდელთან შედარებით, წელს ძალიან მაღალი აქტივობა შეინიშნება, 70%-ით მეტი კომპანია იქნება წარმოდგენილი, რაც დიდი ნახტომია. BARTA ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება წახალისების გზით, კომპანიები უფრო გამჭვირვალეები და აქტიურები იყვნენ ინვესტორებთან და ბაზართან კომუნიკაციების მხრივ”, - ამბობს ნინო ქურდიანი.
საფონდო ბირჟის დირექტორი აღნიშნავს, რომ BARTA-ს დაჯილდოების გავლენა კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე ეტაპობრივად გამოჩნდება, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც მოწმობს.
“რაც უფრო გამჭვირვალეა კომპანია და რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს კარგად წარმოდგენილი, მის უფრო საინტერესოა ის ინვესტორებისთვის. მით უმეტეს საცალო ინვესტორებისთვის, რომლებსაც უფრო ხელმისაწვდომი და ნათელი ინფორმაცია სჭირდებათ. მნიშვნელოვანია ამ კომპანიების შესახებ ინფორმაცია კარგად იყოს წარმოდგენილი, არა მხოლოდ წარსული ფინანსური ანგარიშგებები, არამედ მათი მომავლის ხედვებიც”, - აცხადებს ნინო ქურდიანი.
BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა და 4 წლის განმავლობაში მასში მონაწილეობის მიღება A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალ ორგანიზაციებს, ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს შეეძლოთ. საიუბილეო მეხუთე წელს კი BARTA გაფართოვდა და პირველად ღიაა როგორც პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ჯგუფებისთვის, ასევე საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (სდპ).