ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის გენერალური დირექტორის შეფასებით, ბოლო პერიოდში კაპიტალის ბაზარი ძირითადად კორპორაციული ობლიგაციების ხარჯზე ვითარდება, ასევე იზრდება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFI) ობლიგაციების ბაზარი და ეტაპობრივად ვითარდება საინვესტიციო ფონდების სექტორიც, თუმცა ბაზარზე ლიკვიდური ფინანსური ინსტრუმენტები არ არსებობს.
ირაკლი კირტავას გამოსავლად REIT-ების (უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების) განვითარება მიაჩნია, რაზედაც მუშაობა 2019 წლიდან მიმდინარეობს. მისი თქმით, რადგან მოსახლეობა და უცხოელი ინვესტორები უძრავი ქონების მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ, სწორი საგადასახადო რეჟიმის პირობებში REIT-ი გახდება სწორედ ის ლიკვიდური ინსტრუმენტი, რომელიც ბაზარს გამოაცოცხლებს.
„კაპიტალის ბაზარი ვითარდება, მაგრამ კაპიტალის ბაზარზე არ არსებობს ლიკვიდური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელზედაც მოთხოვნა და მიწოდება არის იმ მასშტაბის, რომ გარიგებების დადების ტენდენცია იყოს მზარდი.
6 წელია წარდგენილია სხვადასხვა ბაზრის მონაწილეების მხრიდან ერთობლივად, REIT-ების განვითარების ინიციატივა, რაც გარკვეულწილად გაზიარებულ იქნა როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისევე ეროვნული ბანკის მხრიდან. ვიცი, რომ ფინანსთა სამინისტროშიც იყო ამ თემატიკაზე განხილვები.
ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბაზარზე გაჩნდეს უძრავ ქონების შემოსავლებთან დაკავშირებით გარკვეული ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებლად იქნება ლიკვიდური, თუ მას ექნება REIT-ისთვის დამახასიათებელი სწორი საგადასახადო რეჟიმი. ინსტრუმენტი, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს, მუშაობს მხოლოდ იქ, სადაც არის რეალურად სწორად დაყენებული საგადასახადო რეჟიმი და ეს არის საგადასახადო რეჟიმის სტიმულირების და მოტივაციის გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომ მოსახლეობის ჩართულობას.
ჩვენ ვიცით, რომ უძრავი ქონებით საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ დაინტერესებულია და უცხოური ინვესტიციებიც გვაქვს უძრავ ქონებაში. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ შემოსავლებზე გამოსული ინსტრუმენტი, ვფიქრობთ, რომ ძალიან ლიკვიდური იქნება.
ჩვენ არ ვიცით, 6 წლის განმავლობაში რატომ დაიხარჯა ამდენი დრო. იმედი გვაქვს, რომ წელს ვიხილავთ ამ ინსტრუმენტის საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას და კომერციული სტრუქტურებისთვის, ფინანსური სექტორის წარმომადგენლობისთვის ამ ინსტრუმენტების გაცნობას.
ეს იქნება პირველი ნაბიჯი ლიკვიდური ინსტრუმენტების ბაზრისკენ. თუ ჩვენ გვინდა, რომ რაღაცას მივაღწიოთ კაპიტალის ბაზარზე, რომელსაც ექნება განვითარების უფრო სტაბილური მომავალი, ეს არის აუცილებლად ინიციატივები, რომლებსაც აქვს გარკვეული მრავალწლიანი განვითარების საშუალება. ერთ-ერთი ინიციატივა არის REIT-ი”,- აცხადებს ირაკლი კირტავა.
























