მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკური სესხის მაღალი ხარჯი ბინის შეძენას ართულებს - "სპარკ სითი"

უძრავი ქონება

იპოთეკურ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები და გამკაცრებული საბანკო პირობები საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის ბინის შეძენას სულ უფრო ართულებს.

საცხოვრებელი კომპლექს „სპარკ სითის“ გაყიდვების მენეჯერის ნანიტა უძულაშვილის შეფასებით, უძრავი ქონების ფასები ხელფასებზე სწრაფად იზრდება, რის გამოც ბინის შეძენის მსურველებისთვის ყოველთვიური საკრედიტო შენატანი მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად იქცევა. საკითზე მან BM.GE-სთან ისაუბრა.

"დღესდღეობით საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის ბინის შეძენა მნიშვნელოვნად გართულებულია, რადგან უძრავ ქონებაზე ფასები გაცილებით სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ხელფასები. ამას ემატება საბანკო რეგულაციები, გამკაცრებული პირობები და იპოთეკურ სესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რის გამოც ყოველთვიური გადასახადი ბევრისთვის საკმაოდ მძიმე ფინანსურ ტვირთად იქცა", - აცხადებს ნანიტა უძულაშვილი.

კომპანიაში არსებული ხარჯების გათვალისწინებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაიაფებას არ ელიან.

"თბილისში ბინების გაიაფებას არ უნდა ველოდოთ, ვინაიდან თავად სამშენებლო მასალები, მიწა და უშუალოდ მშენებლობის პროცესი საგრძნობლად არის გაძვირებული. გარკვეული ჭარბი მიწოდება შესაძლოა შეიქმნას მხოლოდ ცალკეულ გარეუბნებში, სადაც ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე ერთდროულად ძალიან დიდი რაოდენობის საცხოვრებელი კორპუსი შენდება", - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სულ 4.1 მილიარდი ლარის ღირებულების 39,714 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, თანხობრივად იპოთეკური სესხების პორტფელი 47%-ით, რაოდენობრივად კი სესხები 22%-ით არის გაზრდილი. ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ 2026 წლის აგვისტოში ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.19% იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.90 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. მთლიანობაში საქართველოს ბანკების მიერ გაცემული იპოთეკური კრედიტების პორტფელი 14.6 მილიარდ ლარს აღწევს. ქვეყანაში სულ 176,000 იპოთეკური კრედიტი არის მოქმედი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები