ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე, დეველოპერული კომპანია "კოორდინატის" მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის გენერალური გეგმა და არქიტექტურული კონცეფცია გიორგი ხმალაძის სტუდიას ეკუთვნის.
ტერიტორია ოთხ დამოუკიდებელ ბლოკადაა გადანაწილებული, რომლებიც საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ ფუნქციებს აერთიანებს, მათ ცენტრში კი 11 000 კვადრატული მეტრის სარეკრეაციო პარკია გათვალისწინებული.
როგორც "კოორდინატის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ტაბუცაძემ "ბიზნესის კვირეულში" აღნიშნა, ლოკაციის შერჩევა უბნის ისტორიულმა და ეკოლოგიურმა ფაქტორებმა განსაზღვრა.
"ორთაჭალა თბილისის ერთ-ერთი უძველესი, ისტორიული უბანია, რომელიც გამორჩეულია არქიტექტურული თუ კულტურული ძეგლებით. გარდა ამისა, ის ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ადგილია, საკმაოდ განვითარებული ინფრასტრუქტურით. ცალსახაა, რომ ამ ლოკაციას ურბანული განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, რადგან ქალაქის ცენტრთან სატრანსპორტო კავშირი ძალიან სწრაფია", - განაცხადა ტაბუცაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ავტორის, გიორგი ხმალაძის არქიტექტურული ხედვა შენობის ლანდშაფტთან მაქსიმალურ ინტეგრაციასა და ბუნებრივ განათებაზეა ორიენტირებული. კომპლექსში საცხოვრებელი ბინები 1-დან 5 საძინებლამდე კონფიგურაციითაა დაპროექტებული, სადაც გათვალისწინებულია თბო და ხმის საიზოლაციო თანამედროვე ტექნიკური პარამეტრები.
ამასთან, პროექტში შემავალი ბიზნეს-ცენტრი და კომერციული სივრცეები ტერიტორიას დღის საათებშიც აქტიურს ხდის, რაც სივრცის მუდმივ ფუნქციურ დატვირთვას განაპირობებს.
ლევან ტაბუცაძის განმარტებით, კომპანიამ პროექტის დაგეგმვისას ყურადღება საინჟინრო დეტალებსა და ავტონომიურობაზე გაამახვილა, რის გამოც სარეალიზაციო მოგების გარკვეულ დათმობაზეც წავიდა.
"დეველოპერი მზად უნდა იყოს, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. მაგალითისთვის, ჩვენ არქიტექტურის იერსახისა და კომფორტის სასარგებლოდ კომპრომისი გავაკეთეთ სარეალიზაციო ფართზე და შევამცირეთ მოშენების არეალი. სწორედ აქ განვათავსეთ წყლის ავტონომიური რეზერვუარი, რომელიც, ავარიის შემთხვევაში, მთელი კომპლექსის რამდენიმესაათიანი უწყვეტი წყალმომარაგების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, რეგულაციით გათვალისწინებულზე 150-ით მეტი ავტოსადგომი დავამატეთ, რის შედეგადაც ბინების 85% ინდივიდუალური პარკინგით ისარგებლებს", - აღნიშნავს ლევან ტაბუცაძე.
სატრანსპორტო დაგეგმარების მთავარი პრინციპი შიდა ეზოს ავტომობილებისგან სრული იზოლაციაა. საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოსა და პროექტის პარტნიორის, GREA-ს დამფუძნებელი, ნინო აბსანძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საავტომობილო ნაკადები მიწისზედა რეკრეაციულ ზონას არ კვეთს.
"კომპლექსში მოეწყობა სამდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, ხოლო თავად ტერიტორია სრულად თავისუფალი იქნება ავტომობილებისგან. შენობას მხოლოდ ორი შესასვლელი აქვს მომიჯნავე გზებიდან, საიდანაც ტრანსპორტი პირდაპირ მიწისქვეშა პარკინგში ჩადის. შედეგად, 11 000 კვადრატული მეტრის ეზო მთლიანად რეკრეაციულ ფუნქციას ინარჩუნებს", - განმარტა ნინო აბსანძემ.
ერთჰექტარიანი პარკის ტერიტორიაზე საფეხმავლო ხეივნებთან და მოსასვენებელ კუთხეებთან ერთად უზრუნველყოფილი იქნება პადელისა და ბადმინტონის ღია სპორტული მოედნები, ბავშვთა გასართობი სივრცეები და შინაური ცხოველების გასასეირნებელი გამოყოფილი ზონა.
კომპლექსის საერთო სივრცეებში გათვალისწინებულია ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების სისტემები, ლობი კურიერების სპეციალური ზონით, ველოსიპედების სადგომები, ელექტრომობილების დამტენები და ინდივიდუალური სათავსოები მობინადრეებისთვის.
ამ ეტაპზე სამშენებლო მოედანზე უკვე დასრულებულია ქვაბულის დამჭერი ხიმინჯების მოწყობა (ჯამურად დაახლოებით 4 კილომეტრის სიგრძის), მიმდინარეობს ბიზნეს-ცენტრის საძირკვლის სამუშაოები და იწყება 35-სართულიანი მთავარი საცხოვრებელი კორპუსის საძირკვლის ჩაყრა. პროექტის სრული მშენებლობის დასრულება კი 2029 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
























