2026 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში სულ 2 307 ობიექტი მიიღეს ექსპლუატაციაში, რომელთა საერთო ფართობმა 2 543 645 კვადრატული მეტრი შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა 5.9%-ით შემცირდა, თუმცა დასრულებული საერთო ფართობი 2.8%-ით აღემატება გასული წლის 9 თვის ნიშნულს (2.48 მლნ მ²).
დასრულებულ შენობებში მთავარ მიმართულებად კვლავ საცხოვრებელი უძრავი ქონება რჩება, რომლის წილიც მთლიან ექსპლუატაციაში შესულ ფართობში გაიზარდა:
2025 წლის 9 თვეში საცხოვრებელ შენობებზე მიღებული ფართობი 1.72 მილიონ მ²-ს შეადგენდა, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში კი ამ მაჩვენებელმა 1.79 მილიონ კვადრატულ მეტრს მიაღწია, რაც ექსპლუატაციაში მიღებული მთლიანი ფართობის 70.5%-ს შეადგენს.
შესაბამისად, წლიურ ჭრილში საცხოვრებელ სეგმენტში ობიექტების რაოდენობა მცირედით - 4.1%-ით შემცირდა, თუმცა დასრულებული ფართობი 4.5%-ით გაიზარდა.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რეგიონული განაწილება
ქვეყანაში ექსპლუატაციაში შესული მთლიანი ფართობის 55.8% დედაქალაქზე მოდის, ხოლო 19.4% - აჭარაზე.
რეგიონებში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების განაწილება ასე გამოიყურება:
| რეგიონი | ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტები 2025 | ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტები 2026 | ცვლილება | საერთო ფართობი (მ².) 2025 | საერთო ფართობი (მ².) 2026 | ცვლილება |
| ქ. თბილისი | 854 | 749 | -12.3% | 1 431 967 | 1 418 698 | -0.9% |
| აჭარის არ | 84 | 86 | +2.4% | 245 709 | 492 770 | +100.6% |
| ქვემო ქართლი | 223 | 198 | -11.2% | 139 435 | 133 566 | -4.2% |
| მცხეთა-მთიანეთი | 311 | 321 | +3.2% | 106 843 | 132 207 | +23.7% |
| კახეთი | 284 | 282 | -0.7% | 125 291 | 89 151 | -28.8% |
| იმერეთი | 200 | 141 | -29.5% | 215 050 | 87 652 | -59.2% |
| შიდა ქართლი | 171 | 186 | +8.8% | 98 843 | 63 034 | -36.2% |
| სამეგრელო-ზემო სვანეთი | 127 | 140 | +10.2% | 53 411 | 54 241 | +1.6% |
| სამცხე-ჯავახეთი | 107 | 126 | +17.8% | 25 040 | 38 187 | +52.5% |
| გურია | 71 | 61 | -14.1% | 30 032 | 29 931 | -0.3% |
| რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 20 | 17 | -15.0% | 3 602 | 4 208 | +16.8% |
| საქართველო სულ | 2 452 | 2 307 | -5.9% | 2 475 223 | 2 543 645 | +2.8% |
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების დარგობრივი განაწილება
დასრულებული ფართობის მატება დაფიქსირდა სასტუმროების სექტორშიც: 2026 წლის 9 თვეში ექსპლუატაციაში 40 სასტუმრო შევიდა, ჯამური 192 778 მ² ფართობით. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 52 ობიექტზე 181 545 მ² მოდიოდა. შესაბამისად, ობიექტების რაოდენობა 23.1%-ით შემცირდა, თუმცა ფართობი 6.2%-ით გაიზარდა.
კომერციულ სეგმენტში სავაჭრო ობიექტებზე მიღებული ფართობი თითქმის უცვლელი დარჩა: დასრულდა 231 ობიექტი საერთო ფართობით 132 059 მ² (2025 წლის 9 თვეში - 267 ობიექტი და 130 848 მ², ზრდა +0.9%).
მკვეთრი ზრდა აღირიცხა სასწავლო დაწესებულებებზე: დასრულდა 14 ობიექტი 35 974 მ² ფართობით, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
ადმინისტრაციული დანიშნულების შენობებში ექსპლუატაციაში 27 ობიექტი შევიდა, 47 789 მ² ფართობით, რაც 2025 წლის 9 თვის მაჩვენებელზე 39%-ით მეტია.
კლება დაფიქსირდა სამრეწველო და სასაწყობო შენობების მიმართულებით - ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რიცხვი 258-დან 229-მდე, ხოლო ფართობი 238 166-დან 212 641 მ²-მდე შემცირდა (-10.7%).
კლება დაფიქსირდა სპორტულ ნაგებობებშიც, სადაც მიღებული ფართობი 43 377-დან 6 341 მ²-მდე შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ დასრულებული შენობების რაოდენობა არ შეცვლილა.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების ფართობი კი 43 634-დან 33 542 მ²-მდე, 23.1%-ით შემცირდა, სადაც ექსპლუატაციაში 46 შენობა შევიდა.
























