მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.9%-ით გაძვირდა  - საქსტატი

თბილისი

2026 წლის III კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით ზრდამ 1.5% შეადგინა. საქსტატის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) უახლესი მონაცემებით, 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით კი დედაქალაქში უძრავი ქონება 66.2%-ით არის გაძვირებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მაჩვენებელს (+39.6%).

კერძო სახლები ბინებთან შედარებით სწრაფად ძვირდება

ანგარიშის მიხედვით, ფასების მატების ტემპი უფრო მაღალია კერძო სახლების სეგმენტში.

კერძოდ, მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, კერძო სახლები 2.7%-ით გაძვირდა, წლიურად - 7%-ით. 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით ზრდამ კი 72%-ს გადააჭარბა.

ბინების შემთხვევაში კვარტალურმა ზრდამ 1.2% შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი გაძვირება 5.6%-ია.

რაც შეეხება 2020 წლის საშუალოსთან შედარებას, თბილისში ბინები 6 წელიწადში 63.1%-ით გაძვირდა.

რა ღირს 1მ² ბინა თბილისში, უბნების მიხედვით?

2026 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში მედიანური ფასით მთაწმინდის რაიონი ლიდერობს, სადაც 1 კვ.მ-ის ღირებულებამ 7 000 ლარს გადააჭარბა. მას მოსდევს ვაკე და კრწანისი, ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. მთაწმინდა - 7 004 ლარი
  2. ვაკე - 6 046 ლარი
  3. კრწანისი - 4 635 ლარი
  4. საბურთალო - 4 444 ლარი
  5. დიდუბე - 4 168 ლარი
  6. ჩუღურეთი - 4 121 ლარი
  7. ისანი - 4 032 ლარი
  8. ნაძალადევი - 3 932 ლარი
  9. გლდანი - 3 830 ლარი
  10. სამგორი - 3 657 ლარი

რა ღირს 1მ² კერძო სახლი თბილისში, უბნების მიხედვით?

კერძო სახლების შემთხვევაში ყველაზე ძვირად ღირებული უბანი ვაკეა:

  1. ვაკე - 4 517 ლარი
  2. მთაწმინდა - 4 430 ლარი
  3. ჩუღურეთი - 3 637 ლარი
  4. საბურთალო - 3 543 ლარი
  5. დიდუბე - 3 448 ლარი
  6. ისანი - 3 213 ლარი
  7. გლდანი - 2 993 ლარი
  8. კრწანისი - 2 961 ლარი
  9. სამგორი - 2 839 ლარი
  10. ნაძალადევი - 2 798 ლარი

რაც შეეხება უძრავი ქონების ფასს, მისი ჩაბარების მდგომარეობის მიხედვით, დასრულებული ბინების სეგმენტში 1 კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება ასე განაწილდა:

მწვანე კარკასი: 4 493 ლარი (გასულ კვარტალში - 4 409 ლარი);

თეთრი კარკასი: 3 752 ლარი (გასულ კვარტალში - 3 703 ლარი);

შავი კარკასი: 3 287 ლარი (გასულ კვარტალში - 3 340 ლარი).

ცნობისთვის, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) მხოლოდ თბილისის ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს მოიცავს და ეფუძნება ვებგვერდებიდან ავტომატურად შეგროვებულ შეთავაზების ფასებს, რომელთა დამუშავებაც ჰედონური მეთოდოლოგიით ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები