მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ბინის ბაზარზე უცხოელი მყიდველების წილი 14%-მდე გაიზარდა - Colliers

უძრავი ქონება

2026 წლის აგვისტოში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე უცხოეთის მოქალაქეების აქტივობა გაიზარდა და მათი წილი მთლიან ტრანზაქციებში 14%-მდე გაიზარდა. შედარებისთვის, მიმდინარე წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 12%-ს შეადგენდა.

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის კვლევის თანახმად, მიუხედავად უცხოელების წილის მატებისა, თბილისში, როგორც ძველ, ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობას კვლავ საქართველოს მოქალაქეები ახორციელებენ.

საერთო ჯამში, აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 388 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 18.9%-ით მეტია. ბაზრის ზომა კი 35.2%-ით გაიზარდა და 297 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

გაყიდვების ზრდა განსაკუთრებით ახალ პროექტებში დაფიქსირდა (+23.7%), რაც Colliers-ის შეფასებით, ბაზარზე გაზრდილ მიწოდებას ასახავს. ზრდის ძირითადი ნაწილი სამგორსა და დიდ დიღომზე მოდის.

ამასთან, გაზრდილია ბინების ფასებიც. ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით ქალაქის ცენტრში 16.7%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში 16%-ით, ხოლო გარეუბნებში 10.4%-ით.

თბილისისგან განსხვავებით, სადაც ბაზარს საქართველოს მოქალაქეები დომინირებენ, ბათუმში სრულიად საპირისპირო ტენდენციაა.

Colliers-ის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში ბათუმში უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში ქართველი მყიდველების წილს გადაუსწრო და 52% შეადგინა. შედარებისთვის, ივლისში ბათუმში უცხოელების წილი 48% იყო, ხოლო ქართველების 50%.

ამასთან, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების საერთო რაოდენობამ აგვისტოში 1 235 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 4.3%-ით ნაკლებია, თუმცა ბაზრის ზომა 2.9%-ით გაიზარდა და 81 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები