2026 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 388 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 18.9%-ით მეტია. ამასთანავე, ბაზრის ზომა 35.2%-ით გაიზარდა და 297 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის მიმოხილვის თანახმად, დედაქალაქში ზრდის ძირითადი დრაივერი ახალი პროექტები გახდა.
აგვისტოში თბილისის ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.7%-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა როგორც პირველად (22.9%), ისე მეორეულ ბაზარზე (24.5%).
Colliers-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების მატება გაზრდილ მიწოდებას ასახავს. ამასთან, ზრდის ძირითადი ნაწილი ორ უბანზე სამგორსა და დიდ დიღომზე მოდის.
რაც შეეხება ძველ პროექტებს, აქ ტრანზაქციების რაოდენობამ შედარებით მცირედით, 3.8%-ით მოიმატა.
აგვისტოში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით შემდეგნაირად გაიზარდა:
- ქალაქის ცენტრში - 16.7%-ით;
- ფართო ცენტრში - 16%-ით;
- გარეუბნებში - 10.4%-ით.
მთლიანობაში, ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილმა ფასმა 11.9%-ით მოიმატა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ფასების მატება დაფიქსირდა ძველ ბინებზეც. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ფართო ცენტრში 19.1%-ით გაიზარდა, გარეუბანში - 12.6%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 3.4%-ით. ჯამურად, ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასები 10.5%-ით არის გაზრდილი.
Colliers-ის მონაცემებით, თბილისში, როგორც ძველ, ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის.
თუმცა, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით უცხოეთის მოქალაქეების წილი გაიზარდა და მთლიანი ტრანზაქციების 14% შეადგინა (შედარებისთვის, 2026 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 12% იყო).
























