საინვესტიციო ჰოლდინგი Keystone Investments-ი, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან, აგრო და ენერგეტიკულ სექტორებში ოპერირებს და დაახლოებით 100 მილიონი დოლარის პორტფელს ფლობს, საქმიანობას დეველოპმენტის მიმართულებითაც აფართოებს - ჰოლდინგმა ახალი კომპანია "კოორდინატი" დააფუძნა, რომლის პირველი მრავალფუნქციური პროექტიც ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე ხორციელდება.
კომპლექსის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მილიონ დოლარს აღემატება. პროექტი "საქართველოს ბანკთან" პარტნიორობით ხორციელდება, ხოლო გენერალურ კონტრაქტორად თურქულ-აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია NADA შეირჩა.
როგორც "კოორდინატის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ტაბუცაძემ "ბიზნესის კვირეულთან" ინტერვიუში აღნიშნა, უძრავი ქონების სექტორში შესვლა ქვეყანაში ამ დარგის სტაბილურმა ზრდამ განაპირობა.
"2016 წლიდან Keystone Investments-ი არაერთი მიმართულებით ახორციელებს ბიზნესს. გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია ჩვენს ქვეყანაში, გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ მიმართულებითაც გვეცადა ძალები. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო პირველი პროექტის წარმატებაზე. დღე ჩვენი პროექტის მიმართ არსებული ინტერესი ცალსახად გვიბიძგებს, რომ ახალი პროექტების დაწყებაზეც ვიფიქროთ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ამ პროექტით მხოლოდ და მხოლოდ ვიწყებთ", - განაცხადა ლევან ტაბუცაძემ.
პროექტის ბაზარზე პოზიციონირებასა და გაყიდვების სტრატეგიას უძრავი ქონების სააგენტო GREA მართავს. კომპანიის დამფუძნებლის, ნინო აბსანძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ახალი ბრენდი შევიდა, პირველადი შედეგები კომპანიის წინასწარ პროგნოზებს საგრძნობლად აჭარბებს.
მისი თქმით, გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე თვეში პირველი საცხოვრებელი კორპუსის ბინების უდიდესი ნაწილი უკვე გასხვისებულია.
"A ბლოკის გაყიდვები მარტში დავიწყეთ და დღეს ბინების 70% უკვე გაყიდულია. როდესაც ახალ დეველოპმენტს ამდენი ადამიანი ერთობლივად ენდობა, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან კარგად გააკეთე. პროექტი, როდესაც საცხოვრებლად არის კარგი, ის ამავდროულად საინვესტიციო თვალსაზრისითაც წარმატებული გამოდის. შესაბამისად, ორივე მიმართულებით ინტერესი ძალიან მაღალი აღმოჩნდა", - აღნიშნავს ნინო აბსანძე.
GREA-ს ხელმძღვანელი ასევე ხაზს უსვამს, რომ მაღალმა მოთხოვნამ მარტის შემდეგ უძრავი ქონების ფასების კორექტირება და ზრდა განაპირობა.
"ჩვენთვის ფასმა არაპროგნოზირებადი ზრდა განიცადა, რადგან მოთხოვნა მოლოდინზე ბევრად მაღალი იყო. გარკვეული მოლოდინები, რა თქმა უნდა, გვქონდა, ვინაიდან მაღალი კლასის პროექტს ვქმნიდით, თუმცა მომხმარებელმა კარგად დაინახა აქ ინვესტირებისა და ცხოვრების უპირატესობა. ამ ეტაპზე ვემზადებით მეორე ეტაპის დასაწყებად - ნოემბრიდან უკვე მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, B ბლოკში შეარჩიოს უძრავი ქონება, სადაც მათ საკმაოდ მოქნილ საგადახდო პირობებს შევთავაზებთ", - განმარტა ნინო აბსანძემ.
"კოორდინატი" ორთაჭალაში დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც სამ საცხოვრებელ და ერთ კომერციულ ბლოკს აერთიანებს და ბაზარს 1-დან 5 საძინებლამდე ბინებს სთავაზობს. კომპლექსის ძირითადი ინფრასტრუქტურა 1 ჰა ფართობის გამწვანებულ ეზო-პარკს მოიცავს, სპორტული (პადელი, ბადმინტონი), საბავშვო და შინაური ცხოველების გასასეირნებელი სივრცეებით, აგრეთვე საერთო ლობის კურიერების გამოყოფილი ზონით, პარკინგს ელექტროდამტენებით, ველოსადგომებსა და ინდივიდუალურ სათავსოებს.
გარდა ამისა, პროექტში გათვალისწინებულია ავტონომიური წყალმომარაგებისა და საერთო სივრცეების უწყვეტი ელექტრომომარაგების ტექნიკური სისტემები, შეძენის მსურველებისთვის კი შიდა განვადებისა და იპოთეკური დაფინანსების მოდელებია ხელმისაწვდომი.
სამშენებლო გეგმის მიხედვით, ობიექტზე ამჟამად საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობის ეტაპი მიმდინარეობს, მთლიანი კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღება კი 2029 წლის დეკემბერშია განსაზღვრული.
























