საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარის შავლეგ მიშველაძის განცხადებით, ქვეყანში თხევადი გაზის იმპორტი და რეალიზაცია გადასახადებისგან თავის არიდებით მიმდინარეობს, რაც მისი შეფასებით, ძირს უთხრის კეთილსინდისიერი ბიზნესის კეთების ფუნდამენტურ საფუძვლებს და ყველასათვის თანაბარი, კონკურენტული ბიზნეს გარემოს არსებობას.
შავლეგ მიშველაძე საქართველოს პარლამენტს და ფინანსთა სამინისტროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას ურჩევს და თანამშრომლობას სთავაზობს.
BM.GE საკითხის გასარკვევად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ თხევადი გაზის რეალიზატორი კომპანიების მიერ გადასახადებისგან თავის არიდების საფუძველზე გამოძიება თებერვალში დაიწყო.
რაც შეეხება შავლეგ მიშველაძის განცხადებას, როგორც უწყებაში განმარტეს, მიშველაძემ თანამშრომლობის სურვილი რამდენიმე დღეა საჯაროდ გამოხატა, თუმცა უწყებისთვის დადგენილი წესებით არ მიუმართავს.
საგამოძიებო სამსახურში, რამდენ სუბიექტზე მიმდინარეობს მოკვლევა არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ დეტალებზე გამოძიების დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარე წლის 13 თებერვალს დაწყებულ იქნა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე გათხევადებული გაზის რეალიზატორ სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელი პირების განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადის თავის არიდების ფაქტზე დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 218 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტი, რომელზეც გრძელდება გამოძიება და შედეგების მიხედვით მიღებულ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
გამოძიების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ყველა იმ დეტალზე რომელსაც გამოძიება ითვალისწინებს“, - უთხრეს BM.GE-ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.