საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და „Skillwill“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი „Skillwill“-ის ახალი კოლეჯისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პლატფორმა MIT Open Learning-თან თანამშრომლობის ოფიციალური წარდგენის ფარგლებში მოეწერა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებას, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კადრების მომზადებასა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, MIT Open Learning-ის წარმომადგენელმა ქეთლინ დ. კენედიმ და „Skillwill“-ის დამფუძნებელმა გიორგი მარიამიძემ.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა კოლეჯის ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და MIT Open Learning-ის Universal AI პროგრამას გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ პროფესიულ განათლებაზე სახელმწიფო დაფინანსებისა და მზარდი მოთხოვნის ფონზე (საქსტატის მონაცემებით, ბოლო ორ წელიწადში ICT მიმართულებაზე ჩარიცხვები 65%-ით გაიზარდა, სექტორში საშუალო ხელფასი კი 4 400 ლარს აღწევს), „Skillwill“ სტუდენტებს 13 სადიპლომო პროგრამას სთავაზობს, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ანალიტიკის, ციფრული მარკეტინგისა და IT პროექტების მართვის მიმართულებით. კოლეჯი თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ოთხ კამპუსს აერთიანებს და 50-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს წევრი კომპანიების საგანმანათლებლო ინიციციატივების მხარდაჭერასა და კერძო სექტორის ჩართულობის გაღრმავებას.
„BAG ინდექსის შედეგები კვლავ ცხადყოფს, რომ კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი ბიზნესსექტორის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ, პროფესიული განათლების გაძლიერება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება ჩვენი ასოციაციის სტრატეგიული პრიორიტეტია. მისასალმებელია, რომ ამ პროცესში ერთ-ერთ მოწინავე როლს ასოციაციის წევრი კომპანია „Skillwill“ ასრულებს. ახალი კოლეჯის გახსნა და MIT Open Learning-თან პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების დასანერგად, გაფორმებული მემორანდუმი კი კიდევ უფრო გააღრმავებს კერძო სექტორისა და საგანმანათლებლო სივრცის თანამშრომლობას,“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
























