მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო უწყება შერჩეული ეკონომიკური დესპანების ვინაობას საიდუმლოდ ტოვებს

5e174fcac2aef
ინგა მურუსიძე
10.01.20 10:15
1056
„მსოფლიოს ოთხ სტრატეგიულ ქვეყანაში ეკონომიკური დესპანები უკვე დანიშნულია, თუმცა მათი ვინაობა კონფიდენციალურია” - ასეთი პასუხი მიიღო bm.ge საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურად მიწერილ კითხვაზე - თუ რომელ ქვეყნებში დაინიშნენ დესპანები და ვინ არიან ადამიანები, რომელთა საქმიანობაც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა უნდა იყოს.

„კომისიამ შეარჩია 4 გამარჯვებული. კონკურსანტების თხოვნის შესაბამისად, კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით მათი ვინაობის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. საწყის ეტაპზე დესპანები წარიგზავნებიან აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში“, - ამბობენ სამინისტროში.

Bm.ge-ის ჰქონდა საშუალება მთავრობის გუშინდელ სხდომაზე უშუალოდ საგარეო საქმეთა მინისტრისთვის დაესვა კითხვა, თუ რატომაა კონფიდენციალური ეკონომიკური დესპანების ვინაობა.

დავით ზალკალიანი ამბობს, რომ დესპანების ვინაობა „არ ახსოვს, თუმცა მათი დასახელება პრობლემა არ არის“.

„კონკურსი ჩატარდა აბსოლუტურად გამჭვირვალედ. კომისიაში მეც ვიყავი, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გვყავდა მოწვეული ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებიც… ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის დაფიქსირებული. ეკონომიკური დესპანების გვარები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ოთხი პირი არის შერჩეული, რომლებიც შემოვიდნენ უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ისინი გაივლიან პროცედურებს ჩვენს დიპლომატიურ, კვლევით ცენტრში და როგორც კი მზად იქნებიან, გაემგზავრებიან შესაბამის ქვეყნებში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ: კომერციული ატაშეს ინსტიტუტის შექმნა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას 2016 წელს 13 ივნისის მთავრობის სხდომაზე დაანონსა. მაშინ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო. დღეს არც ერთი მათგანი „ქართული ოცნების“ მთავრობაში აღარაა. პრემიერი ამ ეტაპზე გიორგი გახარიაა, ხოლო ეკონომიკის მინისტრი - ნათია თურნავა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური ატაშეს შემდეგ, ჯერარშექმნილ თანამდებობას და სახელი რამდენჯერმე შეეცვალა. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ინვესტიციების მოსაზიდად დიპლომატიურ წარმომადგენლობებში კომერციული ატაშეები უნდა გაეგზავნა ქვეყანას, ხოლო საბოლოოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, უკვე შერჩეულია ეკონომიკური დესპანები, რომლებიც საქმიანობას გარკვეული პერიოდის შემდეგ შეძლებენ.
საინტერესოა ისიც, რომ ეკონომიკური დესპანების შერჩევა, ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსის გზით დაიწყო, მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაიბარა.

გადაბარებამდე ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსიც ჩაატარა და აპლიკანტებთან გასაუბრებაც დაიწყო. შემდეგ კი, საგარეო უწყებამ კონკურსი თავიდან გამოაცხადა და ითქვა, რომ დაანონსებული 6 ატაშეს რაოდენობა შესაძლოა, გაზრდილიყო.

თავდაპირველი ინფორმაციით, კომერციული ატაშეები 6 ქვეყანაში: აშშ-ში, გერმანიაში, თურქეთში, დიდი ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში უნდა დანიშნულიყო, თუმცა შემდეგ ამ ჩამონათვალს იაპონიაც დაემატა.

გასული წლის ბოლოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა განაცხადა, რომ 7 ადგილზე 50 აპლიკანტი იბრძოდა და მათგან უწყებამ 20 ადამიანამდე გადაარჩია. მინისტრის მოადგილის ინფორმაციითვე, 4 მაისს აპლიკანტებმა მეორე წერა წერეს და დარჩენილი იყო კიდევ ერთი წერა მშობლიურ ენაში და შემდგომ გასაუბრება.

კომერციული ატაშეების ყოველთვიური ანაზღაურება 4000-დან 7000 დოლარამდე იქნება, თუმცა თანამდებობრივი სარგოს ზუსტი ოდენობა, ასევე ხარჯები, იმ ქვეყნების მიხედვით განისაზღვრება, სადაც ეკონომიკური ატაშეები იქნებიან მივლინებულნი.

ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი ბრძანების მიხედვით, კომერციული ატაშის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ლიმიტი ევროში 2000-4000-მდე იქნება, გირვანქა სტერლინგში კი - 1000-3000-მდე.