26.აპრილი .2021 13:31

საიდან გამოთავისუფლდება 500 მლნ ლარი, რომელიც ქვეყნის ურბანულ განახლებას მოხმარდება? - მინისტრის პასუხი

საიდან გამოთავისუფლდება 500 მლნ ლარი, რომელიც ქვეყნის ურბანულ განახლებას მოხმარდება? - მინისტრის პასუხი
views 2292
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ქვეყნის ურბანული განახლების პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა. მთავრობამ საკითხი მოიწონა, დაამტკიცა და როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, მისი განხორციელება ივნისიდან დაიწყება.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, პროექტი 4 წლიანია და 500 მლნ ლარიც სწორედ რამდენიმე წელზე გადანაწილდება.

Bm.ge დაინტერესდა, თუ საიდან მოიტანს მთავრობა 500 მლნ ლარს, იქნება ეს ახალი ვალი, ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული თანხა თუ უკვე არსებული გეგმების პრიორიტეტიზაცია?

„500 მლნ ლარი არის პირველი ეტაპის პროექტების საორიენტაციო ღირებულება, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი პროექტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში განხორციელდება წელს. არის პროექტები, რომელიც შინაარსობრივად მოითხოვს რამდენიმე წელს და განხორციელდება მომდევნო 2-3- წლის განმავლობაში.

დაფინანსების წყაროს რაც შეეხება, ახალ ვალზე საუბარი არ არის. ამ ეტაპზე ვსაუბრობთ იმ დაფინანსებაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ არის მოძიებული, რესურსების გამოთავისუფლების კუთხით, მათ შორის საკუთარი რესურსების გამოთავისუფლების მხრივ, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში ისე სხვა მხრიდან“, - განაცხადა ქარსელაძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე ა ბიუჯეტში 500 მლნ ლარის თავისუფალი თანხა არსებობდ, თუ იყო ხარჯები, რომელიც შემცირდა, მინისტრი პასუხობს, რომ 500 მლნ ლარის ათვისება 2021 წელს სრულად არ მოხდება და ზოგადად ქვეყანაში „თავისუფალი რესურსი არ არსებობს“.

რეპლიკაზე "იქნებ მთავრობამ ქამრები შემოიჭირა", ქარსელაძე პასუხობს, რომ „ქამრები უკვე შემოჭერილია იმდენად, რომ სული არ ამოგვხდეს“.

„თავისუფალ სახსრებზე საუბარი უსაფუძვლოა. საუბარია იმაზე, რომ მოხდა პრიორიტეტების გადალაგება და კაპიტალური, ურბანული რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეს პროგრამა ახლა დაგვეწყო“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.