მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს $300 მლნ ინვესტიციის მოზიდვის იმედი აქვს

5da9bcdc5b134
დავით ჯალაღონია
18.10.19 20:22
1532
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტომ, მიმდინარე წლის თებერვლიდან, რაც მუშაობა დაიწყო, 13 საინვესტიციო პროექტი, ჯამური $2 მილიარდიანი პორტფელით განიხილა. ამის შესახებ BM.GE-ს სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე რევიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ 13 პროექტიდან ოთხი, შედარებით (საერთო ჯამში $300 მილიონის ღირებულების) პერსპექტიულია, მათ შორის არის ქართულ-თურქული ინვესტიციით დაგეგმილი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა.

ქარის ამ პროექტის დეტალებზე სააგენტოს ხელმძღვანელი ჯერჯერობით არ საუბრობს. მისი განმარტებით, ელექტროსადგურის ასაშენებლად მხოლოდ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დადებითი დასკვნა საკმარისი არ არის.

"ქარის პროექტი უფლებამოსილ ორგანოშია (ფინანსთა სამინისტრო) გადაგზავნილი. გარდა ჩვენი რეკომენდაციისა, პროექტმა უნდა მიიღოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების შესახებ დასკვნა. ნებისმიერი პროექტი, ამ შემთხვევაში ქარის სადგურზე როცა არის საუბარი, ფისკალურ რისკებს მოიცავს, რადგან სახელმწიფო შემოდის გარანტორად, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიას გარკვეულ ტარიფად იყიდის. ეს არაპირდაპირ ვალდებულებას უჩენს სახელმწიფო ბიუჯეტს. შესაბამისად, მათი დასკვნის, ჩვენი დასკვნის საფუძველზე ამზადებენ პაკეტს და მთავრობაში განსახილველად აგზავნიან.

წინ რომელი პროექტიც არის, ეს თურქული ინვესტიციაა, ქართველი პარტნიორი ჰყავთ. რაც შეეხება ვადებს - კანონმდებლობით, სააგენტოს როლი არის პირველ ეტაპზე - პროექტის ინიცირება, იდენტიფიცირება. შემდეგ რაც ხდება, უკვე, როგორც მოგახსენეთ, სხვა უწყებების ჩართულობის საქმეა - რამდენად სწრაფად განახორციელებენ კონტრაქტის დადებას, დაიწყება მშენებლობა და ა.შ“, - განმარტა ალექსანდრე რევიამ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სააგენტო, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი რიგი ვალდებულებების საფუძველზე შეიქმნა. ამ სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსხვილ პროექტებში სახელმწიფოს თანამონაწილეობის განსაზღვრა და პროექტების თანადაფინანსების რისკების შეფასებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები