საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბატიაშვილი ამბობს, რომ ამოქმედებიდან, ანუ 2019 წლიდან დღემდე, სააგენტოს 100-ზე მეტი პროექტის შემოთავაზება აქვს განხილული, საიდანაც მშენებლობის პროცესში 14-ია გადასული. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს, „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) ღონისძიების დაწყებამდე განუცხადა.
ADB-მა დღეს წარადგინა პუბლიკაცია - საქართველოს საჯარო-კერძო თანამშრომლობის მონიტორი. როგორც ლევან ბატიაშვილი ამბობს, დოკუმენტის მიზანი გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირებაა. ის ძირითად გამოწვევად პროექტებისთვის საჭირო ფინანსურ და ადამიანურ კაპიტალს ასახელებს.
„მოგეხსენებათ, ქვეყანაში გვაქვს საკმაოდ პოზიტიური, შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა. ამ ზრდის შენარჩუნებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების და სერვისების განვითარება. სწორედ ესაა ჩვენი სააგენტოს მოღვაწეობის მთავარი ქვაკუთხედი. ამ თვალსაზრისით, აზიის განვითარების ბანკთან ერთად, შეიქმნა ეს დოკუმენტი, რომლის მიზანია დაიდენტიფიცირდეს მთლიანად პროცესში არსებული გამოწვევები და შეთავაზებული იქნეს მათი გადაჭრის გზები. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ პროექტების განვითარება საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს მოითხოვს. თავისი შინაარსით და ბუნებით ეს პროექტები საკმაოდ კომპლექსურია, მრავალწლიან კონტრაქტებს გულისხმობს კერძო პარტნიორებთან. ბუნებრივია, ამისთვის საჭიროა საკმაოდ სპეციალიზირებული ტექნიკური ცოდნა, რასაც თავის მხრივ, სჭირდება რესურსი. ამ რესურსის გაჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგი იქნება პროექტების განვითარებისთვის. მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა მოდელები. ე.წ. პროექტების განვითარების ფონდი, რომელიც იქმნება ამ თუ იმ სახელმწიფოში და შემდეგ თავის დაფინანსების წყაროებს იღებს უკვე განხორციელებული პროექტებიდან. ამ ეტაპზე, სააგენტოს მხრიდან არის შეთავაზებული ეს გამოსავალი, რამდენად მოხდება რეალიზება, მხოლოდ სააგენტოზე არაა დამოკიდებული“,- თქვა ლევან ბატიაშვილმა.
მან პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ძირითადი სექტორი ენერგეტიკაა, თუმცა სამომავლოდ სექტორების გაფართოება იგეგმება.
"სააგენტოს არსებობიდან დღემდე განხილულია 100-ზე მეტი საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემოთავაზება. ფინანსური დახურვის ანუ ე.წ. კონტრაქტის ეტაპზე და უშუალოდ მშენებლობის პროცესში გადასულია დაახლოებით 14 პროექტი. ძირითადი პროექტები გვაქვს ენერგეტიკის სექტორში და გვაქვს როგორც ქარში, ისე ჰიდროში და მზის ელექტროსადგურები. ენერგეტიკა მოწინავე ინდუსტრიაა, თუმცა როგორც მოგახსენეთ, გვაქვს დიდი პროექტები და სააგენტოს ინიციატივით, ასევე იგეგმება სხვადასხვა სექტორებში, როგორიცაა საცხოვრისი, ელექტრონული მმართველობა და ა.შ. პროექტების განვითარება. დამატებით, სააგენტო ახორციელებს პროექტების განვითარების პროცესის გაციფრულების გეგმას. ეს შვეიცარიის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ“,- განაცხადა ლევან ბატიაშვილმა.
რაც შეეხება მსხვილ პროექტებს, ლევან ბატიაშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი გამოყო. მისი თქმით, ამ უკანასკნელის განხორციელება კერძო-საჯარო პარტნიორობით იგეგმება, თუმცა ეს შესაძლოა, კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, შეიცვალოს. ის ახალი აეროპორტის მშენებლობის ერთ-ერთ შესაძლო ფორმატად ასევე კერძო-საჯარო პარტნიორობას ასახელებს.
„დიდი პროექტებიდან შეგვიძლია გამოვყოთ ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდალობის მეშვეობით მიმდინარეობს. რაც შეეხება მოსალოდნელ პროექტებს, იგეგმება ე.წ. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის განხორციელებაც ასევე დაგეგმილია საჯარო-კერძო პარტნიორობის მეშვეობით, თუმცა შეიძლება შეიცვალოს, კვლევებზეა დამოკიდებული, რადგან პროექტის განხორციელების მოდალობა მნიშვნელოვანი არ არის იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანია თითოეული დახარჯული ცენტი/ლარი იყოს მაქსიმალურად მორგებული საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, შესაბამისად, ანალიზის გაკეთების შემდეგ მოდალობა შეიძლება შეიცვალოს. ამასთან, მოგეხსენებათ, გამოცხადებულია პოტენციურად აეროპორტის მშენებლობა ქვეყანაში. ერთ-ერთი მოდალობა, რომლითაც განიხილება აეროპორტის მშენებლობა არის სწორედ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატი, თუმცა ეს საწყისი ეტაპია და ეს მოდალობები, ანუ როგორ განვახორციელოთ ეს პროექტები, იმის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს, თუ რა არის უფრო ეფექტური მომდევნო კვლევების შედეგად",- თქვა PPP სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.