მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკარანტინე სივრცეების საჭიროება გაორმაგდება - თურნავა სასტუმრო ინდუსტრიას მიმართავს

5e7756f0e21ad
დავით ჯალაღონია
22.03.20 16:14
1634
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან ქვეყანა უფრო გაძლიერებული კარანტინის რეჟიმზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ საკარანტინე სივრცეებზე მოთხოვნა რადიკალურად გაიზრდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მინისტრმა სასტუმროების ინდუსტრიას მოუწოდა, გაგებით მოეკიდოს შექმნილ ვითარებას, რადგან მათი მხრიდან გარკვეული სივრცეების დათმობა შესაძლოა, უახლოეს მომავალში საჭირო გახდეს.

„ყველა მოქალაქე, ვინც გადმოკვეთს საზღვარს, ორკვირიან კარანტინს გაივლის. ეს არის ორგანიზებული კარანტინი. ჩვენი დაცვის სტრატეგია ძლიერ პრევენციას ეფუძნება და ამით ვართ დღეს წარმატებულები.

საკარანტიე სივრცეების საჭიროება პრაქტიკულად გაორმაგდება. დღეს 3 000-მდე ადამიანი გვყავს სხვადასხვა განთავსების ობიექტში, სხვადასხვა სასტუმროში, ვისზეც სახელმწიფო ზრუნავს. ხვალ ოთახებისა და სასტუმროს სივრცეების საჭიროება რადიკალურად გაიზრდება, აქედან გამომდინარე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სასტუმროს, ვინც ჩვენთან ასე კარგად თანამშრომლობს, მაგრამ ვინაიდან საჭიროება რადიკალურად იზრდება, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საგანგებო ზომებს მივმართოთ ამ სიტუაციაში და წინასწარ მინდა ვთხოვო სასტუმრო ბიზნესს, რომ ამას გაგებით მოეკიდონ.

რა თქმა უნდა, სივრცეების დათმობა იგულისხმება იმ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მაგრამ ჩვენ ვერ დავკარგავთ დროს მრავალკვირიან მოლაპარაკებებში და ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს ამას, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვაა“, - განაცხადა მინისტრმა.