მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკოორდინაციო საბჭომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება დღესაც არ მიიღო

61af115808155
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.21 12:14
566
"ღამის კლუბები ამ გადაწყვეტილებას უნდა დაელოდონ" - ასე უპასუხა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ის შეკითხვას, რომელიც ღამის კლუბების ამოქმედების ნებართვას შეეხებოდა.

მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე მხარეთა პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს და პროცესი დიდ ხანს აღარ გაგრძელდება.

„ღამის კლუბებთან მიმართებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რომ ერთი მხრივ ბიზნესს ფუნქციონირების საშუალება მიეცეს, მეორე მხრივ კი, მისი ფუნქციონირება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბები გახსნეს, მაგრამ ცეკვა აკრძალულია...

კლუბები ამ გადაწყვეტილებას უნდა ელოდონ, ამიტომაც მიმდინარეობს საკითხების ტექნიკური შეთანხმება, ეს საკითხები დიდ ხანს არ გასტანს; როგორც კი შეჯერდება პოზიციები, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ბიზნესის მაშინვე გამოქვეყნდება გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ღამის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც კლუბ “ხიდის” დამფუძნებელმა თამუნა აქსანდერმა BMG-სთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე იმ რეგულაციებზე იყო საუბარი, რისი ამოქმედებაც კლუბებთან დაკავშირებით იგეგმება. საუბარია კლუბში სტუმრების რაოდენობრივ შეზღუდვაზე და სავენტილაციო სისტემის გამართვაზე.

ცნობისთვის, 21 თვეა კლუბები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად დახურულები არიან. საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მთავრობასთან უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. ჩატარდა საპილოტე წვეულებებიც, სადაც ვირუსის დადებითობიც მაჩვენელი მხოლოდ 0.5%-ი იყო. საინიციატივო ჯგუფ Act4Culture-ის წარმომადგენელი BM.GE-თან სატელეფონო საუბარში აცხადებდა, რომ ინდუსტრია საბოლოო პასუხს გახსნასთან დაკავშირებით წესით დეკემბრის დასაწყისში მიიღებდა. საკითხი საბჭოს სხდომაზე 7 დეკემბერს ანუ დღეს უნდა გაეტანათ.