ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ცალკეულ რუს ექსპორტიორებს უცხოური ვალუტის სახით მიღებული შემოსავლის გაყიდვას ავალდებულებს. რუსეთის მთავრობის ვებგვერდის თანახმად, ეს გადაწყვეტილება "გაცვლითი კურსის სტაბილიზაციისთვის" მიიღეს.
რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, დადგენილება სამ ძირითად სიახლეს შეიცავს:
1. ცალკეულ კომპანიებს მოეთხოვებათ, ექვსი თვის განმავლობაში გაყიდონ სავალუტო მოგება იმ მოცულობითა და პირობებით, რომლებსაც რუსეთის მთავრობა განსაზღვრავს;
2. ცალკეულ კომპანიებს ვალდებულება უწესდებათ, რუსეთის ბანკსა და ფინანსური მონიტორინგის ფედერალურ სამსახურს უცხოური ვალუტის შიდა ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის გეგმა-გრაფიკი წარუდგინონ;
3. კომპანიებში იმუშავებენ ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლები", რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ ვალუტის რეგულირების წესების დაცვას.
პუტინის გადაწყვეტილება შავ და ფერად მეტალურგიასთან, სატყეო და ქიმიურ მრეწველობასთან, მარცვლეულის წარმოებასთან, საწვავისა და ენერგეტიკულ სექტორებთან დაკავშირებული კომპანიების 43 ჯგუფს ეხება. კომპანიების სია გამოქვეყნებული არ არის.
რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მოსკოვის ბირჟაზე დოლარის ღირებულება 3.72 რუბლით, 97 რუბლამდე დაეცა. რუსი ეკონომისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მაჩვენებელი 90 რუბლს ჩამოსცდეს.