ჩინურმა სახელმწიფო მედიამ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ ოთხპუნქტიანი „სამშვიდობო დეკლარაცია“ გამოაქვეყნა.
დეკლარაციის თანახმად, ჩინეთი, რუსეთი და აშშ ადასტურებენ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს. ამ მიზნით, სამი ქვეყანა ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე დიალოგს დაიწყებს.
პარალელურად, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ორგანიზაციის რეფორმირების ხელშეწყობის ვალდებულებას აიღებენ, რათა გაერომ გლობალურ გამოწვევებს უფრო ეფექტიანად უპასუხოს და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მისია შეასრულოს.
რაც შეეხება საერთაშორისო იურისდიქციას, სამი სახელმწიფოს მეთაურმა აღიარა, რომ სახელმწიფოს თანხმობის პრინციპსა და სახელმწიფო მოხელეთა იმუნიტეტის პატივისცემას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და სხვა მსგავსმა ორგანოებმა საკუთარი იურისდიქცია ბოროტად არ უნდა გამოიყენონ.
ენერგეტიკის მიმართულებით კი, დოკუმენტში წერია, რომ ჩინეთმა, რუსეთმა და აშშ-მა გლობალურად ქვეყნების კეთილდღეობის გასაზრდელად გადამუშავებული ნავთობპროდუქტების წარმოება და მიწოდება უნდა გაზარდონ.
ცნობისთვის, შენჭენში გამართული შეხვედრა ჩინეთის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების პირველი პირისპირ სამმხრივი სამიტია და ის აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
























