მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეზობლო: ფასების ზრდა და მონეტარული პოლიტიკა (თებერვალი)

6231c63df13ab
ეგნატე შამუგია
17.03.22 09:00
3473
გასული წლის ტენდენცია მიმდინარე პერიოდშიც გრძელდება. რეგიონში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე ბოლო წლების უმაღლეს ნიშნულებს იკავებს. განსაკუთრებით ზრდის მაღალი ტემპით თურქეთი გამოირჩევა, ხოლო შედარებით დაბალი სომხეთშია. ამ უკანასკნელში მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, რადგან უკვე მესამე თვეა წლიური ინფლაციის დონე მცირდება.
 
გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილება, წლიური (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები

საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 13.7% შეადგინა, რაც იანვარსა და გასული წლის დეკემბერში 13.9% იყო. 2021 წლის ივლისიდან კი სამომხმარებლო ფასების ინდექსი ზრდის ტემპი ორნიშნაა, ხოლო 2019 წლის მარტიდან სამიზნე, 3.0%-იან ნიშნულს აჭარბებს. აქამდე ორნიშნა ინფლაცია 2011 წელს იყო, როცა ფასების ზრდა 14.5%-ს აღწევდა. საქართველოში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი თურქეთის შემდეგ რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალია. ინფლაცია დაბალ ნიშნულს 2020 წლის ბოლოს და გასული წლის დასაწყისში იკავებდა, მაგრამ ფასების ზრდის ტემპის შემცირება მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო მეთოდოლოგიურ ნიუანსებს - ფასების ინდექსში კომუნალური მომსახურების არ-შეტანას უკავშირდებოდა. აღნიშნულის გამოკლებით საქართველოში 12 კვარტალია ინფლაცია მიზნობრივ, 3.0%-იანი ზრდის ნიშნულს აჭარბებს.

მაღალი ინფლაციის საპასუხოდ ცენტრალური ბანკი რეფინანსირების ინსტრუმენტს იყენებს. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ჯერ კიდევ 2021 წლის მარტიდან დაიწყო, როცა პოლიტიკის განაკვეთი 8.0%-დან 8.5%-მდე გაიზარდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აპრილ-აგვისტოში, მაღალი ინფლაციის და ინფლაციური მოლოდინების პირობებში, რეფინანსირების განაკვეთი 1.0 პ.პ.-ით შემცირდა. ცენტრალური ბანკის მიერ აგვისტოში პოლიტიკის განაკვეთი 10.0% -მდე გაიზარდა, ხოლო მომდევნო ორი სხდომა (სექტემბერი, ოქტომბერი) განაკვეთი უცვლელად რჩებოდა, რადგან სები ორნიშნა ინფლაციას თითქმის სრულად „ეგზოგენურ და ერთჯერად ფაქტორებს“ უკავშირებდა, ხოლო დაკრედიტების ზრდის მიუხედავად მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ წნეხს გამორიცხავდა, თუმცა მონეტარული პოლიტიკა სათანადოდ მკაცრი არ აღმოჩნდა, რათა ინფლაცია დაეთრგუნა. ამ პერიოდში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მზარდი იყო. ამ ფონზე გასული წლის ბოლოს მონეტარული განაკვეთი 10.5%-მდე გაიზარდა, მაგრამ ბოლო სხდომაზე, 02 თებერვალს უცვლელი დარჩა.

თურქეთში კი ინფლაცია ბოლო რამდენიმე წელის მძიმე პრობლემაა. ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2019 წელს თურქეთში საშუალო წლიური ინფლაცია 15.5% იყო, რაც უკვე 2020 წელს 12.3%-მდე შემცირდა, თუმცა გასული წლიდან სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა ბოლო ორი ათწლეულის რეკორდისკენ დაიძრა. 2021 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 19.4% იყო. წლის ბოლოს, დეკემბერში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა 36.1% იყო, ხოლო უკვე მიმდინარე წლის იანვარში ფასების ზრდის ტემპი 48.7%-ს მიუახლოვდა. თებერვალში სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 54.4% შეადგინა. აღნიშნულის ფონზე თურქეთის ცენტრალური ბანკის პოლიტიკა არაორდინალური იყო, რომელსაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ზეწოლით ახორციელებდა. კერძოდ, მაღალი ინფლაციის და ინფლაციური მოლოდინების ფონზე ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას მკვეთრად ამსუბუქებდა.

თურქეთში მონეტარული პოლიტიკის შემცირება 19.0%-დან დაიწყო. ჯერ კიდევ ნაჯიმ აგბალის მმართველობის პირობებში პოლიტიკის განაკვეთი 17.0%-დან გაიზარდა, რაც ამ უკანასკნელის შაჰაპ კავჩიოღლუთი ჩანაცვლების მიზეზი გახდა, რომელიც მანამდე ერდოღანის პოზიციის მედია მხარდაჭერით იყო გამორჩეული. მოგვიანებით, როცა ცენტრალური ბანკის ახალი მმართველის პირობებში პოლიტიკის განაკვეთის შემცირება დაიწყო, ამან კიდევ ორი ვიცე-მმართველი შეიწირა. მათგან ერთი, უგურ ნამიკ ქუჩუკი ღიად შეეწინააღმდეგა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას. ამ დროისთვის თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომა 17 თებერვალს გაიმართა, სადაც წინა ორი სხდომის მსგავსად, პოლიტიკის განაკვეთი 14.0%-იანი ნიშნულით, უცვლელი დარჩა. აღნიშნულს კი გასული წლის ბოლოს ზედიზედ სამჯერ მონეტარული განაკვეთის მკვეთრი შემცირება უძღოდა.

გრაფიკი 2: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბოლო სამი გადაწყვეტილება (%)
წყარო: ცენტრალური ბანკები

2021 წლის პირველი ნახევარში აზერბაიჯანი რეგიონიდან გამორჩეული იყო, რადგან ამ პერიოდში დაბალი ინფლაციით ხასიათდებოდა, თუმცა უკვე წლის ბოლოსთვის სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა ორნიშნა მაჩვენებელი გახდა. კერძოდ, გასული წლის ოქტომბრიდან ინფლაცია ორნიშნა და მზარდი იყო, მაგრამ თებერვალში ტემპი შენელებულია. ფასების დონის ზრდის ტემპი კვლავ ორნიშნა რჩება. გასულ თვეს აზერბაიჯანის წლიურმა ინფლაციამ 11.9% შეადგინა, რაც იანვარში 12.5% იყო. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში ინფლაციას მზარდი ტენდენცია ახასიათებდა, ცენტრალური ბანკი 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე პოლიტიკის განაკვეთს დაბალ ნიშნულზე, 6.25%-ზე უცვლელად ტოვებდა. აღნიშნულს კი სების მსგავსად, ფასების ზრდის უფრო მაღალ ტემპს „საგარეო ფაქტორებს“ უკავშირდებოდა, თუმცა სექტემბრიდან აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის განაკვეთს ზრდის, რაც ბოლო 28 იანვრის სხდომაზე 7.5%-მდე გაიზარდა.

პანდემიამდე პერიოდში სომხეთი დაბალი ინფლაციით და ხშირ შემთხვევაში დეფლაციით გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ 2020 წელს სომხეთში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა სამეზობლოში ყველაზე დაბალი იყო, რაც უკვე 2021 წელს საშუალოდ 7.2%-ს შეადგენდა. სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპმა შემცირება დეკემბერში დაიწყო, რაც უკვე იანვარში 7.1%-ს შეადგენდა. გასულ თვეს კი სომხეთის წლიურმა ინფლაციამ 6.5% შეადგინა. ამით კი სამეზობლოში ყველაზე დაბალი ნიშნული დაფიქსირდა. აღნიშნული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგია. ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში სომხეთის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.25%-ით იყო განსაზღვრული, რომელიც უკვე 2021 წლიდან ინტენსიურად იზრდებოდა. ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 01 თებერვალს 8.0%-მდე გაზარდა, ხოლო უკვე 15 მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შექმნილი განუსაზღვრელობის და ინფლაციური მოლოდინების გამო, 9.25%-მდე. ეს კი 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი განაკვეთია.

რაც შეეხება რუსეთს, ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილიდან ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. გასული წელის მარტში, როცა სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 5.9% შეადგინა, ამით 2019 წლიდან მოყოლებული ყველზე მაღალი მაჩვენებელი მოინიშნა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთში წლიური ფასების ზრდის ტემპი თანდათან მატულობს, რამაც მიმდინარე წლის თებერვალში 9.2% შეადგინა. მიუხედავად ამისა, რუსეთში ინფლაციის კუთხით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე საქართველო და თურქეთი. აღნიშნულის საპასუხოდ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება გასული წლის აპრილიდან დაიწო, რაც ფასების ზრდის ტემპის შენელებაში არ ასახულა. ბანკის დირექტორთა საბჭოს წინა ორ სხდომაზე (დეკემბერი, თებერვალი) მონეტარული განაკვეთი 1.0 – 1.0 პ.პ.-ებით, 9.5%-მდე გაზარდეს. აღნიშნულის შემდე, რუსეთში ინფლაციის შემცირების მოლოდინი არსებობდა, მაგრამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის საფინანსო სექტორზე და მათ შორის, ცენტრალურ ბანკზე დაწესებული სანქციების გამო მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. აღნიშნულის ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა ბოლო მონეტარული გადაწყვეტილება, სადაც პოლიტიკის განაკვეთი 20.0%-მდე გაიზარდა.

ამდენად, გასული წლის მეორე ნახევრიდან რეგიონის ყველა ქვეყნის სამომხმარებლო ფასების დონე უფრო სწრაფად იზრდება, თუმცა თურქეთსა და საქართველოში ინფლაციის მზარდი ტემპი უფრო ადრეულ პერიოდს უკავშირდება. სამომხმარებლო ფასების ზრდის მაღალი ტემპის საპასუხოდ რეგიონის ცენტრალურმა ბანკებმა პოლიტიკის გამკაცრება წლის პირველი კვარტლის და მეორეს დასაწყისიდან დაიწყეს. პოლიტიკის განაკვეთის ზრდა შედარებით ადრე დაიწყო სომხეთმა, სადაც უკვე მესამე თვეა ინფლაცია მცირდება. საერთო ჯამში, სამეზობლოს ქვეყნებს შორის სომხეთი ყველაზე დაბალი ინფლაციის ნიშნულით გამოირჩევა, ხოლო თურქეთსა და რუსეთში აღნიშნული მზარდია.