მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კომუნალურების სუბსიდირების” ეფექტი: წლიური ინფლაცია 2.4%-ია თუ 4.34%?

5ff4d7256b76e
თელარა გელანტია
06.01.21 17:50
2011
2020 წელი საქართველომ 2.4%-იანი წლიური ინფლაციით დახურა - ასეთია საქსტატის ოფიციალური მონაცემები. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს, წლიურ ინფლაციაზე -1.94 პროცენტული პუნქტით აისახა „საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის“ ჯგუფში ფასების 21.7%-იანი კლება. კერძოდ, „ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5%) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.1%)“, - წერს საქსტატი დეკემბრის ინფლაციის ანგარიშში, სადაც წვრილი შრიფტით, მაგრამ მაინც მიანიშნებს, რომ აღნიშნული ცვლილება ანუ ინფლაციის ასეთი მკვეთრი კლება განპირობებულია „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების“ ძალაში შესვლით“.

პირველი კითხვა: რეალურად, რამდენი იყო წლიური ინფლაცია დეკემბერში - 2.4% თუ 4.34% ანუ „კომუნალურების სუბსიდირებამ“ რა ჰქმნა?! კითხვაზე პასუხი მარტივია - თუ საქსტატი გვეუბნება, რომ კომუნალური ტარიფების სუბსიდირება -1.94 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციაზე და მივიღეთ 2.4%-იანი ინფლაცია, მაშინ სუბსიდირების სამთავრობო პროგრამის გარეშე, დეკემბრის ინფლაცია 2.4%+1.94% იქნებოდა ანუ 4.34%.



მეორე კითხვა: კომუნალური გადასახადების სუბსიდირება მთავრობას დეკემბერში არ დაუწყია. ისევე როგორც სუბსიდირების სხვა პროგრამების, მისი საწყისი წერტილიც პირველი „ლოქდაუნი“ და შესაბამისად, გაზაფხულის 3 თვე იყო, რასაც შემოდგომის ერთი და ზამთრის სამივე თვის სუბსიდირების გადაწყვეტილება მოჰყვა. შედეგად, აბონენტებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს ხარჯავენ, სახელმწიფო ზამთრის განმავლობაშიც უფარავს კომუნალურ გადასახადებს. 2021 წლის ბიუჯეტში ამისთვის 165 მლნ ლარი ჩაიდო. ჯამში, საუბარია ნოემბერ-დეკემბერ-იანვარ-თებერვლის პერიოდზე. მეორე კითხვაც აქ ჩნდება: კომუნალურების სუბსიდირების ეფექტზე რატომ წერს საქსტატი დეკემბრის ინფლაციაში, როცა არაფერი უთქვამს ნოემბრის ანგარიშში. ეს, რა თქმა უნდა, არ გამოპარვიათ Galt&Taggart-ში, რომლის ანალიტიკოსები ინფლაციის ანგარიშში მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ მიანიშნებენ, რომ „საქსტატმა კომუნალური გადასახადების სუბსიდიების ეფექტი გაზაფხულზე და ასევე, ნოემბერში ინფლაციის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინა".

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო ანგარიშმა კითხვები გაუჩინა ეკონომისტ ირაკლი მაკალთიასაც. „ინფლაციას თუ მეთოდოლოგიურად განვიხილავთ სწორად არის დათვლილი და შესაბამისად, 2,4%-იანი ინფლაციის დონე სწორად გამოდის, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი ბევრ დაზუსტებას და განხილვას მოითხოვს“, - ამბობს BM.GE-ისთან მაკალათია და იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მისი აზრით, მეტ სიცხადეს საჭიროებს.

„პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რამდენად აისახა კომუნალური გადასახადების სუბსიდირება მოქალაქეების უმრავლესობაზე. ის რომ სუბსიდირება ბიუჯეტიდან ხდება ანუ ჩვენ გადასახადის გადამხდელები ვიხდით ამ ფულს, ეს ფაქტიც გასათვალისწინებელია და ამიტომ მიზანშეწონილია, ინფლაციის გამოთვლა კომუნალური გადასახადების გარეშე, ისევე როგორც ითვლება საბაზო ან ინფლაცია თამბაქოს გარეშე. შეზღუდვებისა და რეგულაციების ფონზე, როცა მოქალაქეების მოხმარების სტრუქტურა იცვლება, ზუსტი იქნება თუ სასაქონლო ჯგუფებში მოხდება წონების გადახედვა. ამ პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილია სურსათის და ჯანდაცვის ჯგუფის პროდუქტების მოხმარება, შესაბამისად, მთლიან სამომხმარებლო კალათაში მათი წონებიც უნდა გაიზარდოს, ასევე ინფლაციის ანალიზისას, უნდა განვიხილოთ არა მარტო ინფლაციის მთლიანი მაჩვენებელი, არამედ შევაფასოთ მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვან სამომხმარებლო ჯგუფებში ფასების ზრდის მაჩვენებლები“, - აცხადებს ეკონომისტი.

ანალიტიკოსების მთავარ კითხვაზე BM.GE-მ პასუხი საქსტატისგან მოითხოვა - რატომ არაფერი უთქვამს აქამდე სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამომხმარებლო ფასების დონესა და კომუნალურების სუბსიდირების პროგრამას შორის კავშირზე. კითხვა 2 ნაწილად გავყავით:

BM.GE: რატომ არ მოხდა საქსტატის მიერ კომუნალურების სუბსიდირების გათვალისწინება გაზაფხულზე ინფლაციის დაანგარიშებისას:

საქსტატი: „მიზეზი ისაა, რომ სამომხმარებლო კალათის წონების გაანგარიშება ხდება მოხმარების წლიური მონაცემების გამოყენებით, ხოლო თვითონ წონები უცვლელია წლის განმავლობაში. ამის გათვალისწინებით, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის წონა კალათაში საკმაოდ მაღალია, რაც უმეტესწილად განპირობებულია ზამთრის პერიოდში ენერგომატარებლების მოხმარების მაღალი მაჩვენებლებით, ვინაიდან გაზაფხულის პერიოდი გამოირჩევა აირის და ელექტროენერგიის დაბალი მოხმარებით, სუბსიდირების ეფექტის გაანგარიშებისას წლიური წონის გათვალისწინება გამოიწვევდა ინფლაციის მაჩვენებლის მეტისმეტად შემცირებას და, შესაბამისად, ცდომილებას წლიური ინფლაციის ასახვისას. ზამთრის პერიოდში მოხმარება ყველაზე მაღალია, შესაბამისად, სუბსიდირების გათვალისწინება ინფლაციის გაანგარიშებაში უფრო გამართლებულია.

გარდა ამისა, მიმდინარე პერიოდის სუბსიდირების პროგრამა უფრო გრძელვადიანია (4 თვე, ხოლო გაზაფხულზე - 3 თვე). სუბსიდირების გათვალისწინება დროებით ზეგავლენას ახდენს ინფლაციაზე და პროგრამის დამთავრების შემდეგ წლიური ინფლაცია დაუბრუნდება შედარებით მაღალ მაჩვენებელს, სხვა თანაბარ პირობებში. რაც უფრო მოკლევადიანია სუბსიდირების პერიოდი, მით უფრო ნაკლებად არის გამართლებული წლიური ინფლაციის დინამიკაში მოკლევადიანი რყევების შემოტანა“.

BM.GE: რატომ მოხდა კომუნალურების სუბსიდირების პროგრამის გათვალისწინება დეკემბრის ინფლაციაში და არა ნოემბერში, მაშინ როცა მთავრობის დადგენილებით, პროგრამა ნოემბრიდან განახლდა?

საქსტატი: „ნოემბერში სუბსიდიის გათვალისწინება ვერ მოხერხდა, რადგანაც არ იყო ხელმისაწვდომი მონაცემები საანგარიშო თვეში სუბსიდირების პროგრამით მოსარგებლე აბონენტების წილის შესახებ. ნოემბრის მონაცემების მიღების შემდეგ, ასევე, 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოხმარების ცვლილების შესახებ ინფორმაციის გამოყენებით, შესაძლებელი გახდა 2020 წლის დეკემბერში სუბსიდირებით გამოწვეული შედეგის ასახვა ინფლაციის მაჩვენებელში“.

მოსალოდნელზე დაბალი წლიური ინფლაციის ძირითადი მიზეზების და როგორც საქსტატში ირწმუნებიან, სტატისტიკაში მისი ასახვის „გამართლებულობაზე“ განხილვა-მსჯელობისას, ბუნებრივია, 2.4%-იანი ინფლაციის შეფასება ვთხოვეთ საქართველოს ეროვნულ ბანკსაც, რომლის ძირითადი მიზანი და საზრუნავია ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება.

BM.GE: ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში რეალური/ნამდვილი წლიური ინფლაცია 2.4%-ია თუ 4,34% ანუ 2.4%+1.94%?

ეროვნული ბანკი: "რეალური/ნამდვილი წლიური ინფლაცია ანუ სამომხმარებლო კალათის ფასის ინდექსის ცვლილება არის 2,4%".

BM.GE: რეფინანსირების განაკვეთის განახლებისას, რომელიც 3 თებერვალს უწევს, ეროვნული ბანკი ინფლაციის რომელი მაჩვენებლით იხელმძღვანელებს? – „სუბსიდირებული ინფლაციით“ ანუ 2.4%-ით თუ - მის გარეშე?

ეროვნული ბანკი: "საქართველოს ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ცენტრალური ბანკები, მონეტარულ პოლიტიკაზე გადაწყვეტილების მიღებისას ინფლაციის პროგნოზით სარგებლობენ და არა ინფლაციის მიმდინარე მაჩვენებლით. გარდა ამისა, როგორც ძირითად მიმართულებებშიც წერია, ცენტრალური ბანკები არ ახდენენ რეაგირებას ეგზოგენური ფაქტორების გამო ინფლაციის დროებით გადახრებზე. როგორც რეგულირებადი ფასების ზრდა, ასევე, სუბსიდია წარმოადგენს ეგზოგენურ ფაქტორს".

BM.GE: თუ „სუბსიდირებული ინფლაციით“ იხელმძღვანელებს სები, მაგრამ მაინც არ შეარბილებს პოლიტიკას, რა იქნება გამართლება რომ რეფინანსირების განაკვეთი არ უნდა შემცირდეს? და თუ შეამცირებს, მერე ინფლაციას რა მოუვა?

ეროვნული ბანკი: "როგორც წინა კითხვის პასუხშია ნახსენები, სებ-ი პოლიტიკას ადგენს ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზის მიხედვით და არ რეაგირებს დროებით ეგზოგენურ ფაქტორებზე, მათ შორის სუბსიდიაზე. ამდენად, ასეთი მიზეზი ვერ იქნება პოლიტიკის შერბილების საფუძველი".

ეროვნული ბანკის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებები, ძირითადად, სებ-ს ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, როცა ინფლაციაც „დასაჭერი“ აქვს და ლარის კურსიც, რომელიც დოლარიზებული ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, მოსახლეობას ფასებზე არანაკლებ სწრაფად აწუხებს, მაგრამ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ის სამთავრობო პროგრამა აღმოჩნდა, რომელმაც ცენტრალური ბანკის წისქვილზე დაასახა წყალი - დეკემბერში 2.4%-იანი წლიური ინფლაცია „დაჯდა“, მოკლე ვადით, მაგრამ - მაინც. წინ იანვარი და თებერვალია და თუ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ ფასების ცვლილებაზე ისევ იმ დოზით იქონია გავლენა, როგორც - დეკემბერში, ეროვნულ ბანკს მოკლევადიანი სიმშვიდის საფუძველი ნამდვილად ექნება. 2021-2013 წლებისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელია 3%-ია.