მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში იტალიიდან თვეში 130,000 ფულადი გზავნილი შემოდის, აშშ-დან - 90,000 - რა ზომისაა მიგრაცია?

პასპორტი

საქართველოდან ყოველწლიურად უფრო მეტი მოქალაქე გადიოდა ვიდრე შემოდიოდა. 2022 წელს საქართველოდან 100 ათასი მოქალაქე გავიდა, ხოლო 54 ათასი მოქალაქე დაბრუნდა. ანუ მიგრაციული სალდო იყო უარყოფითი და მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 46 ათასით შემცირდა.

მიგრაციის მეთოდოლოგიის მიხედვით, ემიგრანტი არის პირი, რომელმაც წლის განმავლობაში ქვეყნის გარეთ 183 დღე (6 თვეზე მეტი) დაჰყო. შესაბამისად, 2022 წელს საქართველოს 100 ათასმა მოქალაქემ 6 თვეზე მეტი უცხოეთში დაჰყო, ხოლო 54 ათასი მოქალაქე, რომელიც იქამდე აღრიცხული იყო როგორც ემიგრანტი - დაბრუნდა და ქვეყანაში 6 თვეზე მეტი დაჰყო. მიგრაცია სხვადასხვა მიზნობრიობისაა, შეიძლება ეს იყოს სეზონური დასაქმება, სასწავლებლად წასვლა, სამედიცინო მიზნით გამგზავრება თუ სხვა.

სულ, 2012-2022 წლის განმავლობაში ემიგრანტად აღირიცხა 779 ათასი მოქალაქე, ხოლო იმიგრანტი იყო 534 ათასი ადამიანი. შესაბამისად, ამ ორ სიმრავლეს შორის სხვაობა 245 ათას ადამიანს შეადგენს. ანუ ეს არიან პირები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს თუმცა, ქვეყანაში მუდმივ საცხოვრებლად აღარ დაბრუნებულან (არ დაუყვიათ საქართველოში წელიწადში 6 თვეზე მეტი).

არსებობს მოსაზრება, რომ მიგრანტების რაოდენობა ცნობილია და ის უცხოეთში საქართველოს საკონსულოთა აღრიცხვაზე არსებული პირების რაოდენობას შეადგენს, თუმცა ასე არაა. საკონსულო აღრიცხვაზე მხოლოდ 63 ათასი მოქალაქე დგას. მათ შორის ყველაზე მეტი 14,100 მოქალაქე საბერძნეთში საქართველოს საელჩოში (მათ შორის სალონიკში საქართველოს საკონსულოში) არის საკონსულო აღრიცხვაზე. 6,800 მოქალაქე არის აღრიცხვაზე აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოში, 5,200 აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოებში, გერმანიაში კი საელჩოსა და საკონსულოებში 3,800 ადამიანი არის რეგისტრირებული. თუმცა, კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს ნაკლები ინიციატივა აქვთ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე, მაგალითად იაპონიაში მხოლოდ 20 ადამიანია აღრიცხვაზე, სლოვენიაში 5, ხორვატიაში 2, ინდოეთში კი 10. რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციაში კი აღრიცხვაზე 1,600 მოქალაქე იმყოფება. თუმცა თითოეული ქვეყნის შემთხვევაში უცნობია ემიგრანტების რა წილი დგას საკონსულო აღრიცხვაზე. ამასთანავე, უცნობია რა მოცულობისაა საქართველოდან არალეგალური ემიგრაცია.

ემიგრაციაზე უკეთეს სურათს, შესაძლოა, ფულადი გზავნილების სტატისტიკა ასახავდეს, რადგანაც საქართველო ყოველთვიურად ასობით მილიონ დოლარს იღებს იმ ქვეყნებიდან, სადაც ქართველი მიგრანტები ცხოვრობენ და მუშაობენ.

ეროვნული ბანკის სტატისტიკა მოიცავს ინფორმაციას ერთი გზავნილის საშუალო ზომის და გზავნილების რაოდენობის შესახებ. მაგალითად, აგვისტოში საქართველოში იტალიიდან 130 ათასი გზავნილი შემოვიდა, ერთი გზავნილის საშუალო ზომა 345 დოლარი იყო, ხოლო ამ გზავნილების ჯამმა 45 მილიონი დოლარი შეადგინა. საბერძნეთიდან 75 ათასი ინდივიდუალური გზავნილი მიიღო ქვეყანამ, ამ გზავნილების საშუალო ზომა 264 დოლარი იყო, ხოლო მათი ჯამი 20 მილიონ დოლარს შეადგენდა, აშშ-დან კი 90 ათასი ინდივიდუალური გზავნილი შემოვიდა, საშუალო ზომით 445 დოლარი, მათი ღირებულება კი 40 მილიონი დოლარი იყო. გერმანიიდან გადმოირიცხა 37 ათასი გზავნილი, საშუალო ზომა 542 დოლარი იყო, ხოლო ჯამური მოცულობა 20.3 მილიონი დოლარი. ისრაელიდან 25 ათასი გზავნილი, ერთის საშუალო ზომა 678 დოლარი, ხოლო ჯამური მოცულობა 16.8 მილიონი დოლარი იყო.

შეუძლებელია გათანაბრება თვეში გზავნილების რაოდენობასა და გამომგზავნების რაოდენობას შორის. თუმცა, ამ ორ სიმრავლეს შორის გარკვეული კავშირი მაინც არსებობს. რუსეთის ფედერაციის გამოკლებით გზავნილების 10 უმსხვილესი დონორი ქვეყნიდან საქართველომ სულ აგვისტოში 423 ათასი გზავნილი მიიღო. უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული ტემპით აშშ-დან გზავნილების რაოდენობა იზრდება (90 ათასი გზავნილი აგვისტოში). მაგალითად, 2022 წლის აგვისტოში აშშ-დან საქართველოში 62 ათასი გზავნილი შემოვიდა, 2021 წლის აგვისტოში კი ეს 51 ათასი გზავნილი იყო. ამასთანავე ცნობილია, რომ უკანასკნელ წლებში ამერიკის მიმართულებით საქართველოდან ლეგალური და არალეგალური მიგრაცია განსაკუთრებული ტემპებით გაიზარდა. თუმცა, მაინც საბოლოოდ უცნობია ნიშნავს თუ არა აშშ-დან განხორციელებული 90 ათასი გზავნილი იმას, რომ აშშ-ში საქართველოში 90 ათასამდე მიგრანტი ცხოვრობს (იმ დაშვებით, რომ მიგრანტმა შესაძლოა თვის განმავლობაში ერთი გზავნილი განახორციელოს).

ტრანზიტი
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები