საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ სამუშაო ძალაზე, რომელიც ქვეყნის გარეთ საქმიანობს და ქვეყანაში ფულად გზავნილებს აგზავნის. ლეგალური თუ არალეგალური მიგრაციის სრული მასშტაბები უცნობია, თუმცა ფაქტია რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანა 245 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა.
მიგრანტები, რომლებსაც საქართველოსთან აქვთ კავშირი საკუთარ ოჯახებს თითქმის ყოველთვიურად ფულად გზავნილებს უგზავნიან. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, სექტემბერში საქართველოში მხოლოდ იტალიიდან 131 ათასი ინდივიდუალური ფულადი გზავნილი შემოვიდა, რომელთა მთლიანი ღირებულება 43 მილიონი ლარი იყო, ხოლო ერთი გზავნილის ზომა საშუალოდ 329 დოლარი იყო. ანალოგიურად, გზავნილებშო წამყვანი ადგილები უჭირავთ ქვეყნებს სადაც ყველაზე მეტი ქართველი მიგრანტი ცხოვრობს.
უფრო დეტალურად, გზავნილების მოცულობა, მათი რაოდენობა და საშუალო გზავნილის ზომა ასე ნაწილდება:
- რუსეთის ფედერაცია - $59 მლნ, გზავნილების რაოდენობა 163 ათასი, ერთი გზავნილის საშუალო ზომა 363 დოლარი;
- იტალია - $43 მლნ, გზავნილების რაოდენობა 131 ათასი, ერთი გზავნილის საშუალო ზომა 329 დოლარი;
- აშშ - $41 მლნ, გზავნილების რაოდენობა 91 ათასი, ერთი გზავნილის საშუალო ზომა 451 დოლარი;
- გერმანია - $21 მლნ, გზავნილების რაოდენობა 40 ათასი, ერთი გზავნილის საშუალო ზომა 532 დოლარი;
- საბერძნეთი - $20 მლნ, გზავნილების რაოდენობა 80 ათასი, ერთი გზავნილის საშუალო ზომა 254 დოლარი;
- ყაზახეთი - $18 მლნ, გზავნილების რაოდენობა 4 ათასი, ერთი გზავნილის საშუალო ზომა 4,500 დოლარი;
- ისრაელი - $17 მლნ, გზავნილების რაოდენობა 24 ათასი, ერთი გზავნილის საშუალო ზომა 728 დოლარი;
- თურქეთი - $9 მლნ, გზავნილების რაოდენობა 22 ათასი, ერთი გზავნილის საშუალო ზომა 414 დოლარი;
- ესპანეთი - $5 მლნ, გზავნილების რაოდენობა 14 ათასი, ერთი გზავნილის საშუალო ზომა 354 დოლარი;
- ირლანდია - $5 მლნ, გზავნილების რაოდენობა 11 ათასი, ერთი გზავნილის საშუალო ზომა 412 დოლარი.
გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, თუმცა ამაში წამყვანი წვლილი რუსეთიდან საქართველოში ემიგრირებული პირების ოჯახების გადმორიცხვებს წარმოადგენს.
2023 წლის 9 თვეში საქართველომ ფულადი გზავნილების სახით უკვე 3.2 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წელს მოსალოდნელი მშპ-ის 10%-ზე მეტია.