მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო: მარკეტებში აღარ ფიქსირდება პანიკური შესყიდვები

5e7d9d55cf693
BM.GE
27.03.20 10:28
788
„ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან სისტემატურად ვმართავთ შეხვედრებს. არსებულ საგანგებო სიტუაციაში მნიშვნელოვანია იმ პროცედურული საკითხების რეგულირება, რომელიც შეუფერხებელი მუშაობის გაგრძელებისთვის აუცილებელია”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელიც ბიზნესომბუდსმენთან, მიხეილ დაუშვილთან ერთად, მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყანაში არსებული მარაგების საკითხი კიდევ ერთხელ განიხილა.

შეხვედრაზე ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტის შეუფერხებელი მიწოდების და მათზე ფასების შენარჩუნების საკითხზეც იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს.

„რთული საკითხია ფასების რეგულაციის თემა, რომელიც ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ორმა რგოლმა - მიმწოდებლებმა და სავაჭრო ქსელებმა ერთმანეთთან უნდა შეათანხმონ პირობები, რათა მოსახლეობაზე ნაკლები ფინანსური ზეწოლა იყოს. საგანგებო ვითარებაში ყველა პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი და მოსახლეობისათვის ნაკლებად მძიმე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში საკმარისი, რამდენიმე თვის სასურსათო მარაგებია და ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს.

„მნიშვნელოვანია, რომ აღარ ფიქსირდება პანიკური შესყიდვები. რაც შეეხება 9 პროდუქციაზე ფასების რეგულაციას, სახელმწიფოს მიერ მაქსიმალური კოორდინაცია ხორციელდება ყველა რგოლთან, რათა პირველადი მოხმარების სურსათზე ფასები შენარჩუნებული იყოს.

პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა. სამინისტრო არსებული მიმართულებებით 24 საათიან რეჟიმში მუშაობს“,- ნათქვამია პრესრელიზში.