მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამომხმარებლო კალათა 2020 - რა შეიცვალა და რა გავლენა ექნება მას ინფლაციაზე

5e3eb30d1b7f4
ირაკლი მაკალათია
08.02.20 17:15
9019
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა. 2019 წლის სამომხმარებლო კალათას გამოაკლდა 2 და დაემატა 1 პროდუქტი. შესაბამისად, 2019 წლის სამომხმარებლო კალათა 306, ხოლო 2020 წლის სამომხმარელო კალათა 305 დასახელების საქონლისა და მომსახურებისაგან შედგება.

2020 წლის სამომხმარებლო კალათას დაემატა შინაური ცხოველების საკვები და გამოაკლდა ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი და ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი.

აღნიშნული პროდუქტების ამოღება განაპირობა გაყიდვების შემცირებამ და მისი წონის კლებამ სამომხმარებლო კალათაში. ბოლო წლებია პერიოდულად ხდება აქციზზე გადასახადის ზრდა, შესაბამისად ეს პროდუქტები ხასიათდებოდნენ კიდეც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაციის დონით. ადგილობრივი წარმოების სიგარეტების ამოღების შემდეგ, სამომხმარებლო კალათაში თამბაქოს ნაწარმიდან დარჩა მხოლოდ იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი, რომელზეც, 2020 წლის იანვრის თვეში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასები გაიზარდა 21,3%-ით. ამ სამი სახეობის სიგარეტიდან საშუალოდ ყველაზე დაბალი ინფლაცია იმპორტულ ფილტრიან სიგარეტს აქვს. შესაბამისად, გაზრდილმა ფასებმა პირველ რიგში ადგილობრივი წარმოების შემცირებაზე იმოქმედა გავლენა და შეამცირა მისი მოხმარების წილი სამომხმარებლო კალათაში, გაძვირებული პროდუქტის კვალდაკვალ მოქალაქეებმა ალტერნატიული პროდუქტის მოხმარება დაიწყეს, რაც არის უაქციზო სიგარეტი და თუთუნი. თუთუნის გაყიდვების ოფიციალური სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა განვლილ პერიოდში ცხადად ვხედავდით ქვეყანაში მომრავლებულ ჯიხურებს და თუთუნის გაყიდვებს, რაც შეეხება სიგარეტებზე ფასის ზრდას, ამან მეორე უკიდურესობა, შავი ბაზარი წარმოქმნა ქვეყანაში, რაც არის დაკავშირებული უაქციზო სიგარეტების გაყიდვებთან, რაზეც გახშირებული სამართალდარღვევები და უკანონოდ ამოღებული კონტრაბანდული სიგარეტების ფაქტებიც მეტყველებს. რაც შეეხება საქსტატის დაკვირვების არეალსა და სამომხმარებლო კალათას, შავი ბაზრის კვლევა ვერ მოხდება, ხოლო რაც შეეხება თუთუნის დამატებას სამომხმარებლო კალათაში, ,,ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრული მოხმარების მონაცემებისა და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის შედეგების’’ დამუშავებას დრო სჭირდება და კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიმდინარე მოვლენების შედეგები მოგვიანებით იქნება ასახული სამომხმარებლო კალათაში, ამიტომაც თუ მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდა, მოსალოდნელია კალათაში თუთუნის დამატება.



კონკრეტულად თამბაქოს ნაწარმს მთლიან სამომხმარებლო კალათაში, 2019 წლის სამომხმარებლო კალათაში მისი წილი შეადგენდა 3.0%-ს, ხოლო 2020 წელს 2.9%-ს. ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფი, სუსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფთან ერთად ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე ჯგუფს წარმოადგენს. 2020 წლის იანვრის 6.4%-იან წლიურ ინფლაციაზე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ინფლაცია 3.57%-ული პუნქტით აისახა. ხოლო ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფი 0.76%-ული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე, რაც წონით მეორეა სამომხმარებლო კალათაში.

ცხრილი 1. ინფლაცია სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით,2020 წლის იანვარი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით

საქსტატი ასევე აქვეყნებს საბაზო ინფლაციას, რაც გულისხმობს ინფლაციის გაანგარიშებას ყველაზე მეტად ცვალებადი და მზარდი ფასების მქონე პროდუქტების ამოღებით და რომელიც მიიღება სამომხმარებლო კალათიდან შემდეგი ჯგუფების გამორიცხვით: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ენერგომატარებლები; ადმინისტრირებადი ტარიფები; ტრანსპორტის ცალკეული ტარიფები. რომელმაც 2020 წლის იანვრის თვეში 4,4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე საბაზო ინფლაციამ 3,4%.

სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა

სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს სამომხმარებლო კალათა, რომელიც შედგება ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურებისაგან. ყოველი განახლებული სამომხმარებლო კალათა ეფუძნება ,,ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების მონაცემებს და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის შედეგებს.’’ სამომხმარებლო კალათის შედგენასა და მასში შემავალი პროდუქტების მოხმარების წონების განსაზღვრა არის საფუძველი სამომხმარებლო ფასების ინდექსისა და შესაბამისად ინფლაციის ზუსტი მაჩვენებლების გაანგარიშებაში. მსჯელობა იმის შესახებ, სამომხმარებლო კალათაში შეყვანილი 266 დასახელების პროდუქტი უმჯობესია თუ 311 დასახელების პროდუქტი, არის უსაფუძვლო, ოპტიმალური სამომხმარებლო კალათის შედგენა დამოკიდებულია მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, რაც გამოიხატება მოხმარების მრავალფეროვნებასა და მოცულობაში და ამის მონიტორინგსა და პერიოდულ განახლებებს საქსტატს ასრულებს.

სამომხმარებლო კალათის შემადგენლობის ცვლილებების ისტორია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) 1992 წლიდან ახორციელებს სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშებას. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 1997-2019 წლების სამომხმარებლო კალათის შემადგენლობების ცვლილებები ასახულია დიაგარამა #2-ზე. აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის შემადგენლობაში ყველაზე მეტი პროდუქტი 2004-2006 წლებში იყო შესული, ხოლო ყველაზე ნაკლები 2010-2011 წლებში.

დიაგრამა 2. საქართველოს სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების რაოდენობა  1997-2020 წლებში

ძველი პერიოდის სამომხმარებლო კალათებში ვხვდებით ისეთ პროდუქტებს, რომელთა საჭიროებაც დღეს ან მინიმალურია ან საერთოდ არ არსებობს. ეს პროდუქტები და მომსახურებები ტექნოლოგიური განვითარების კვალობაზე თითქმის გამქრალია მოხმარებიდან. 1997-2003 წლების სამომხმარებლო კალათაში შედიოდა შემდეგი პროდუქტები: აბანო, აუდიოკასეტა, რადიომიმღები, მაგნიტოფონი, ვიდეოკასეტა, ვიდეოფილმის გაქირავება, საფოსტო მარკა, ტელეგრაფი, ტელევიზორის შეკეთება, ფაქსი, ფოტოკოპირება, ფოტოფირი და ნავთი. გადასახადი საშუალო სკოლის მაღალ კლასებში, ლიფტით მომსახურების გადასახადი, ლიქიორი, საკაბე ქსოვილები (აბრეშუმის, შალის, ჩითის), ხალიჩა (სინთეტიკური და შალნარევი), ჯონჯოლის მწნილი. სამომხმარებლო კალათაში, პროდუქტების დასახელებებში როგორც წესი არ არის მითითებული სამარკო ნიშნები, თუმცა, გამონაკლისის სახით 2004-2006 წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა BMW მარკის ავტომობილი (5-7 წლის ნახმარი) და კბილის პასტა "Colgate". აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაგალითად, 2019 წლის სამომხმარებლო კალათაში შედის ისეთი პროდუქტები, რომელთა გამოყენებას მნიშვნელოვანი ხვედრითი წონა უნდა ჰქონოდა 1997-2003 წლებშიც, თუმცა არ არის შესული იმ პერიოდის სამომხმარებლო კალათაში. მაგალითად; ასანთი, გიტარა, თერმომეტრი, წნევის საზომი აპარატი, შეშა.