გაბერილი ტარიფები შრომის ანაზღაურებაში, დასკვნების მომზადებასა და სანებართვო მოსაკრებელში – ეს არის დარღვევების ნაწილი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თსუ–ს მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჩატარებულ სახელმწიფო შესყიდვაში აღმოაჩინა.
საუბარია 2018 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება იყო 5,829,877 ლარი.
აუდიტის სამსახური ამ ნაწილშიც საეჭვო გარემოებაზე მიუთითებს, კონკრეტულად: დაწესებულებამ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განსაზღვრა ფასთა გამოკითხვის საშუალებით, რომლის შედეგად, ფასები ოთხმა კომპანიამ წარადგინა.
“ბაზრის კვლევის ეტაპზე ორმა კომპანიამ მიაწოდა, დაახლოებით, თანაბარი ოდენობის მაღალი ფასი, ხოლო დანარჩენმა ორმა − დაბალი ფასი. მიუხედავად ამისა, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას ორიენტაცია გაკეთებულია არა საშუალო ფასზე, არამედ შეთავაზებულ მაღალ ფასებზე. უნივერსიტეტმა ტენდერი გამოაცხადა სავარაუდო ღირებულებით − 5,829,877 ლარი. ტენდერის შედეგების მიხედვით, ხელშეკრულება გაფორმდა უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტთან, შპს „დიკა 2010“-თან, ღირებულებით − 5,191,900 ლარი”,– ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
აქვე აღნიშნულია, რომ მოცემული ბაზრის კვლევის პროცედურა შეიცავს ნაკლოვანებებს.
“შესყიდვის სავარაუდო და სახელშეკრულებო ღირებულება არ არის საბაზრო ფასების ადეკვატური, შედეგად, კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ღირებულება გაზრდილია ჯამურად, დაახლოებით, 1,116,300 ლარით, მაგალითად: შესყიდვის მომსახურების კომპონენტების სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ − სამხარაულის ეროვნული ბიურო) ტარიფები, რომელთა მიხედვით, მომსახურების კომპონენტების ღირებულება ბევრად ნაკლებია, ვიდრე, კერძო კომპანიების შემოთავაზებები:
– მაგალითად, კომპონენტში − „შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა და დასკვნა“ გადახდილია 250,000 ლარი, რაც ბიუროს ტარიფებით 9,700 ლარია;
– სამუშაოების ნებართვების ღირებულების დადგენას არ ესაჭიროებოდა ბაზრის კვლევა, რადგან გაიცემა მხოლოდ სსიპ − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ და ფასები ფიქსირებულია, კერძოდ, ნებართვის მოსაკრებელი შეადგენს 50 ლარს, ხოლო შემსრულებლისათვის გადახდილია 50,000 ლარი;
– საპროექტო ხარჯთაღრიცხვის შრომის ანაზღაურების ხარჯების განყოფილებაში, შრომის ანაზღაურების ნაწილის ღირებულება გაზრდილია 890,500 ლარით და არ შეესაბამება საბაზრო ფასებს”,– ნათქვამია დასკვნაში.




























